მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2015 წლიდან საქართველოდან თევზის ქონის ექსპორტი 85%-ით გაიზარდა, თევზის ფქვილის კი - 58%-ით

625ea74b2abf2
მარიამ ვარადაშვილი
19.04.22 23:43
999
PMC კვლევითმა ცენტრმა საქართველოში საზღვაო თევზჭერის სექტორის შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, უკანასკნელ პერიოდში აღნიშნულ სექტორში ექსპორტის ზრდის ტენდენცია ფიქსირდება - 2015 წელთან შედარებით, 2021 წელს საქართველოდან ექსპორტირებული თევზის ქონის საერთო მოცულობა 85%-ით გაიზარდა, თევზის ფქვილის ექსპორტი კი დაახლოებით 58%-ითაა გაზრდილი. 

კვლევის თანახმად, მოცემულ პერიოდში ექსპორტირებული 1 კგ თევზის ფქვილის საშუალო ფასი 1.3-1.6 დოლარს შორის მერყეობდა. რაც შეეხება თევზის ქონს, მისი ფასი 1.5-1.9 დოლარის ფარგლებში იყო. 2021 წელს თევზის ფქვილის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა თითქმის 17 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. თევზის ქონის ექსპორტიდან კი ქვეყანამ გასულ წელს 10 მლნ დოლარამდე შემოსავალი მიიღო. აღსანიშნავია, რომ 2020 წელთან შედარებით შემცირებულია როგორც თევზის ქონის, ასევე თევზის ფქვილის ექსპორტი, მაშინ ფქვილის ექსპორტის საერთო მოცულობა 20.5 მილიონ დოლარს აღწევდა, თევზის ქონის კი - 17.2 მილიონს.

PMC კვლევითი ცენტრის თანახმად, 2020 წელს ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა ნაწილობრივ განპირობებული იყო “აწარმოე საქართველოშის” პროგრამით, რომელიც თევზჭერის სექტორს შეღავათიანი სესხებითა და გრანტებით უწყობდა ხელს.

თევზის ფქვილის ძირითადი საექსპორტო ქვეყანა კი თურქეთია. 2015-2021 მთლიანი ექსპორტის თითქმის 64% თურქეთზე მოდიოდა. თურქეთის შემდეგ 14%-იანი წილით სომხეთია. ევროკავშირის ქვეყნების წილი თევზის ფქვილის ექსპორტში მოცემულ პერიოდში მხოლოდ 1.7%-ს შეადგენს. პროდუქტი საქართველოდან ექსპორტზე იტალიასა და საბერძნეთშიც გადის. კვლევის მიხედვით, იგივე ვითარებაა თევზის ქონის შემთხვევაშიც და აქაც 2015-2021 მთავარი საექსპორტო ქვეყანა თურქეთი იყო, 67%-იანი წილით მთლიან ექსპორტში. კიდევ უფრო დაბალია ევროკავშირის ქვეყნების წილი თევზის ქონის ექსპორტში და ის მხოლოდ 0.3%-ს შეადგენს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა თევზის პროდუქტების ექსპორტის შესაძლებლობა საქართველოს 2017 წლიდან მისცა. საქართველოში საზღვაო თევზჭერის კლასტერი ძირითადად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ფოთშია წარმოდგენილი.

PMC-ის შეფასებით, საზღვაო თევზჭერის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი საზღვაო ფლოტის განახლების აუცილებლობაა, თუმცა ამ გამოწვევის დასაძლევად საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი აქტივობები განახორციელა.