Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა მზარდია. PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, ბოლო 6 თვეში (2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით) 40 913 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2022- 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3%-ით მეტია.
ამასთან, მხოლოდ მარტში jobs.ge-ზე 7 495 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც თებერვლის მაჩვენებელზე 7.6%-ით მეტია.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიური ზრდა შემცირდა. PMCG კვლევითი ცენტრის მიხედვით, 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიურმა ზრდამ 5.2% შეადგინა, რაც 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.7 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
ვაკანსიების რაოდენობა კატეგორიების მიხედვით
PMCG-ის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით:
- 9 761 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის/მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.4%-ით მეტია;
- 6.9%-ით მეტი, 7 536 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების/სტატისტიკის კატეგორიაში;
- გაყიდვების/შესყიდვების კატეგორიაში ვაკანსიები 2.3%-ით შემცირდა და 10 408 შეადგინა.
დასაქმების თრექერის მიხედვით, 2024 წლის მარტში, გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვიური ხელფასის სახით 9 600 ლარს ან მეტს იღებდნენ.