მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2018 წელს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ზარალი 16.5 მლნ ლარი იყო

5e1d9e2e3ba24
შოთა ტყეშელაშვილი
14.01.20 16:08
2287
საქართველოს “მთის კურორტების განვითარების კომპანიამ” 2018 წლის აუდიტორული ანგარიშგება reportal.ge-ზე გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, წლის განმავლობაში კომპანიის ხარჯები მის შემოსავლებს მნიშვნელოვნად აღემატებოდა, რის გამოც მთის კურორტების განვითარების კომპანიამ საქმიანობა 16,460,080 ლარის ზარალით დაასრულა.

შპს “მთის კურორტების განვითარების კომპანია” სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. მისი კონსოლიდირებული აქტივების ღირებულება 367,293,444 ლარს შეადგენს. მათ შორისაა საბაგიროების და სათხილამურო ტრასების ინფრასტრუქტურა საქართველოს მთის კურორტებზე.

კომპანიის ძირითად შემოსავალს გუდაურის, ბაკურიანის, გოდერძის, ჰაწვალის და თეთნულდის ტერიტორიაზე არსებული საბაგიროების ოპერირების შემოსავალი წარმოადგენს.

აუდიტორული ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის შემოსავლები 2018 წლის განმავლობაში ასე ნაწილდება:

შემოსავალი ბილეთების რეალიზაციიდან 11,304,380
სარეკლამო ადგილის იჯარიდან მიღებული შემოსავალი 461,724
სხვა შემოსავალი 683,587
სულ შემოსავლები 12,449,691

კომპანიის ძირითად ხარჯს ცვეთის და ამორტიზაციის ხარჯი წარმოადგენს, რომლის მოცულობაც 2018 წელს 12,937,522 ლარს შეადგენდა, კომპანიის სახელფასო ხარჯი კი, 7,229,485 ლარი იყო.

“კომპანიის ძირითადი მოვალეობაა საბაგიროების ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც
გულისხმობს საბაგირო მოწყობილობების მშენებლობას, მართვასა და მოვლა-პატრონობას.

ამ მიმართულებით შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა:

• 2015 წელს 2 საბაგირო დამონტაჟდა კოხტაზე; 
• 2016 წელს 3 საბაგიროს მშენებლობა განხორციელდა მიტარბიზე; 
• 2016-2017 წლებში კურორტ თეთნულდზე აშენდა და კომპანიას მართვაში გადაეცა 4
საბაგირო, ხოლო გუდაურში აშენდა 3 საბაგირო; 
• 2017 წელს დასრულდა მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა,
2 მცირე ზომის საბაგიროს მშენებლობის პროექტი გოდერძიზე, და 5 მცირე ზომის
საბაგიროს დამონტაჟება სვანეთში: ეცერში, უშხვანარში, მაზერში, უშგულსა და დაბა
ლენტეხში;
• 2018 წელს გუდაურში ორი ძველი საბაგირო შეიცვალა ახლით, ასევე მესამე საბაგიროს
ჩაუტარდა რეკონსტრუქცია;

2013 წლიდან მთის კურორტებზე ზამთრის სეზონის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, პერიოდულად ხდება სათხილამურო გზების ქვებისგან გაწმენდა, გზების მიმდებარე ტრეტორიების გაბალახიანება (გუდაური, ბაკურიანი), ხოლო ზამთრის სეზონის განმავლობაში სასრიალო გზების მარკირება. 2014-2016 წლები მომზადდა, გაფართოვდა და საინფორმაციო ნიშნებით აღიჭურვა კურორტ გუდაურის, ბაკურიანის, გოდერძის, თეთნულდის და ჰაწვალის ყველა სათხილამურო გზა. სასრიალო გზების გაფართოებისა და ზამთრის სეზონის გახანგრძლივების მიზნით, ჯგუფის მიერ დაინერგა ხელოვნური გათოვლიანების სისტემები გუდაურსა და დიდველზე, რომელიც 2015 წელს დამონტაჟდა. დასრულდა ხელოვნური გათოვლიანების მეორე ფაზისა და წყლის რეზერვუარის (100 000მ 3 ) პროექტირება, რომლის მშენებლობაც 2018 წელს დაიწყო. 2015-2016 წლებში შეიქმნა კოხტა-მიტარბის ახალი სათხილამურო არეალი, დიდველზე მოეწყო ღამის სრიალის განათება. 2017 წელს შეიქმნა კოხტა-მიტარბის დამაკავშირებელი სასრიალო გზა.

2017-2018 წლის ზამთრის სეზონზე გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე 345997 ვიზიტორი დაფიქსირდა, წინა წელთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა. ბაკურიანში 2017-2018 წლის ზამთრის სეზონის მაჩვენებლებით, 2016- 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა. კურორტ ბაკურიანს 2017-2018 წლის ზამთრის სეზონზე 132,704 ვიზიტორი ეწვია.

სვანეთში, კურორტ თეთნულდზე 2017-2018 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე 19,839 ვიზიტორი დაფიქსირდა, ჰაწვალზე კი - 53,704 ვიზიტორი 2017-2018 ზამთრისა და 2018 -ის ზაფხულის სეზონის ჩათვლით. მაღალმთიან აჭარაში, კურორტი გოდერძი მეორე წელია მასპინძლობს დამსვენებლებს. 2016-2017 წლის ზამთრის სეზონზე გოდერძის 4491 ვიზიტორი ეწვია, ხოლო 2017-2018 წელს 10283, რაც 129 %- იანი ზრდაა", - ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშგებაში.