ჰოტელიერის და სასტუმრო Hotel Roshe Gudauri-ს მენეჯერის მაია მურაჩაშვილის შეფასებით, გუდაურში გასულ წელთან შედარებით ევროპელი ტურისტების ნაკადი გააქტიურებული იყო, თუმცა ისინი წელს კურორტს ჯგუფური ვიზიტების ნაცვლად ინდივიდუალური ტურებით სტუმრობდნენ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში საქართველოში ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან 77 045 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 40.9%-ით, ხოლო პანდემიამდელ 2019 წელის შედეგებს 44.4%-ით აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ ზრდის მიუხედავად, ევროკავშირის ქვეყნებზე მთლიანი ვიზიტების შედარებით მცირე, 6%-იანი წილი მოდის. 2024 წლის პირველი კვარტალი რეგიონების მიხედვით ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან სხვადასხვანაირად ფასდება.
“მართალია ეს არ იყო ჯგუფური ორგანიზებული ტურები, მაგრამ იყვნენ ინდუვიდუალები. საკმაოდ მზარდი დინამიკა იყო, ჩემი სასტუმროს მაგალითზე რომ ვთქვა, სრული დატვირთვის 21.8% დასავლეთ ევროპის ტურისტებზე მოდიოდა, ამას აჭარბებდა "გალფის" ქვეყნებიდან წამოსული ტურისტი, თუმცა "გალფის" ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები ხანგრძლივად არ რჩებიან, ძირითადად 2-3 ღამე, ხოლო დასავლეთ ევროპელი ტურისტი სასრიალოდ, ხანგრძლივი დროით ჩამოდის. ეს იმანაც განაპირობა, რომ დასავლეთ ევროპაში კურორტებზე ფასებმა ძალიან მოიმატა, აქედან გამომდინარე საქართველოში, ფრენებიდან გამომდინარე მეტი პოპულარობა გუდაურმა შეიძინა. მე რამდენადაც ვიცი ბაკურიანსაც კარგი შედეგები ჰქონდა.
ძალიან გაუჭირდა მესტიას, იმიტომ რომ მესტიაში მისვლა ჭირს, გზის პრობლემაა და არამხოლოდ ეს, დღემდე გადაუჭრელია ელექტროენერგიით მომარაგების საკითხი. მაშინ როცა ბიზნესს გენერატორით არსებობა უხდება, დღის განმავლობაში 300-400 ლარის საწვავს მოიხმარს და ამას გზებზე შექმნილი შეფერხებები ემატება, ერთობლიობაში ეს ბიზნესისთვის სირთულეს წარმოადგენს.
საბოლოო ჭრილში რაც შემიძლია ვთქვა, წლევანდელი წელი ტურისტული თვალსაზრისით შარშანდელთან შედარებით უფრო ინტენსიური და დატვირთული იყო. თბილისის სასტუმროებსაც ეს გამოცოცხლება დაეტყოთ. უფრო კარგი მოლოდინები გვაქვს გაზაფხულიდან, აქტიური ჯავშნები გვაქვს. სერიოზული პიარ კამპანია ჩატარდა, ვიყავით გამოფენებზე, ველოდებით რომ წელს, ამ სეზონმა 2019 წლის ნიშნულს უნდა გადააჭარბოს. ისეთი წინაპირობა ჩანს როგორც სასტუმროებში, ისე ტურისტულ სააგენტოებში.”-ამბობს მაია მურაჩაშვილი.