მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს საქართველოში დასრულებული მშენებლობების ფართობი 33%-ით შემცირდა

6017d6e38d5c1
შოთა ტყეშელაშვილი
01.02.21 14:50
778
2020 წლის განმავლობაში საქართველოში დასრულებული მშენებლობების ჯამური ფართობი 33.5%-ით, 1.7 მილიონ კვადრატულ მეტრამდე შემცირდა. საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ქვეყნის მასშტაბით დასრულებული ობიექტების საერთო რაოდენობა 2,134-ია, რაც წინა წელთან შედარებით 14.9%-ით არის შემცირებული.

დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, 27,8 პროცენტი - თბილისზე, 14,6 პროცენტი - კახეთის რეგიონზე, 10,1 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო 9,5 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე.

რაც შეეხება გაცემული ნებართვების რაოდენობას, ის 2020 წელს 11%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს სულ 9,564 ნებართვა გაიცა. ამ ნებართვების საერთო ფართობი კი, 5.2 მილიონი კვადრატული მეტრი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 30.9%-ით ნაკლებია. 

ახალი ნებართვების 77,0 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 53,5 პროცენტი - თბილისზე, 9,6 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 7,0 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 6,9 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე.

2020 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა უძრავი ქონების ფასების სტიმულირებისთვის იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამას აფინანსებდა. BMG-ის მიერ გამოთხოვილი სტატისტიკიდან ირკვევა, რომ პროგრამის ფარგლებში იპოთეკური სესხი სულ 8,443 მსესხებელს დაუსუბსიდება. ამასთან, გაცემული სესხების მთლიანი პორტფელი 827,949,335 ლარი იყო.

შესაბამისად, სუბსიდირებული სესხის საშუალო მოცულობა 98,063 ლარია.

რა იყო სუბსიდირების პროგრამის პირობები:

● სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს;
● სუბსიდია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
● სახელმწიფო წყვეტს სუბსიდიას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოცდა 5% (განაახლებს თუ ასცდა);
● სუბსიდია გაიცემოდა არაუმეტეს 200,000 ლარიან სესხებზე;
● შეეხო მხოლოდ მათ, ვინც 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში აიღო იპოთეკური სესხი ახალ აშენებული ბინის შესაძენად.