მშენებლობა ერთ-ერთი ის დარგია, რომელზედაც საქართველო მსგავსი განვითარებადი სახელმწიფოს ეკონომიკა დგას, რადგან ეკონომიკური ზრდა შეუძლებელია სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარების გარეშე. ერთ-ერთი კომპანია, რომელიც საქართველოში მრავალმხრივ ინფრასტრუქტურას ავითარებს - სამშენებლო კომპანია “ანაგია”, რომელიც ამავდროულად, ბაზრის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშეცაა.
“ანაგის” 2024-2025 წლის პროექტებზე სამშენებლო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გოგოლიშვილმა “საქმიან საღამოში” ისაუბრა და რამდენიმე საინტერესო პროექტი გამოყო, როგორც საცხოვრებელი უძრავი ქონების, ასევე სახელმწიფო დაკვეთით შესრულებული ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
“ქართველ დეველოპერულ კომპანიებთან თანამშრომლობას რაც შეეხება, 2024 წელი, ამ მიმართულებით, გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ვავითარებთ, როგორც “ბიოგრაფი ლივინგის” პროექტს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ასევე ასათიანის ქუჩაზე მდებარე “თბილისი გარდენსს” და
m² Highlight-ს. სამივე ეს პროექტი გამორჩეულია, რადგან მათი სიმაღლე 110-იდან 140 მეტრამდე მერყეობს, ხოლო თბილისში ასეთი არქიტექტურული პროექტები ნამდვილად არ ჭარბობს. ამ პროექტების დასრულება 2024-2025 წლებისთვის არის დაგეგმილი.
მიმდინარე პროექტებს რაც შეეხება, 2023 წელი მეტად დატვირთული იყო იმ დიდი პროექტებით, რომელთაც ჯანდაცვის სამინისტროს დაკვეთით ვახორციელებთ. აქ იგულისხმება, როგორც იძულებით გადაადგილებულ პირთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ბინები, რომლებიც თბილისში, ზუგდიდსა და ქუთაისში მდებარეობს - საუბარია 4,800-მდე საცხოვრებელ ბინაზე, რომელთა ჯამური ფართობი 260,000 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
სოციალურ პროექტებს ვახორციელებთ, როგორც ბათუმში, მუნიციპალიტეტის დაკვეთით, ასევე თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით, რაც პოლიციელებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას გულისხმობს. ეს პროექტი 2023 წლის მთავარი გამოწვევა იყო, მაგრამ, ვფიქრობ, რომ სირთულის მიუხედავად, ის ძალიან კარგად დავიწყეთ”, - განაცხადა ირაკლი გოგოლიშვილმა “საქმიან საღამოში”.
სამშენებლო კომპანია “ანაგის” გენერალურმა დირექტორმა BMG-სთან საუბრისას ერთი ტექნოლოგიური გადაწყვეტაც მიმოიხილა, რომლითაც, მისი თქმით, კორპუსების მშენებლობა 40-42 დღეში არის შესაძლებელი.
“ჩვენთვის მნიშვნელოვან სიახლეს ახალი საყალიბო სისტემის, ე.წ. “ტუნელური ყალიბის” გამოყენება წარმოადგენს, რომლითაც ერთი 10-12 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენება 40-42 დღეში არის შესაძლებელი. ვფიქრობთ, რომ ამ ტექნოლოგიის გამოყენება ზემოხსენებულ პროექტებში გამართლებული იქნება, რათა დევნილები და იძულებით გადაადგილებული პირებით საცხოვრებელი ბინებით უზრუნველვყოთ”, - განაცხადა ირაკლი გოგოლიშვილმა “საქმიან საღამოში”.