“ჩვენთვის მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ახალი საყალიბო სისტემის, ე.წ. “ტუნელური ყალიბის” გამოყენება, რომლითაც ერთი 10-12 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენება 40-42 დღეში არის შესაძლებელი”, - ამის შესახებ სამშენებლო კომპანია “ანაგის” გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გოგოლიშვილმა “საქმიან საღამოში” განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ტექნოლოგიას კომპანია სოციალურ პროექტებში იყენებს, რათა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი კორპუსები, რომელთაც “ანაგი” ჯანდაცვის სამინისტროს დაკვეთით ასრულებს, ახალ მფლობელებს უფრო სწრაფად ჩაბარდეს.
“საქმიან საღამოში” სტუმრობისას ირაკლი გოგოლიშვილმა “ანაგის” მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა და რამდენიმე საინტერესო პროექტი გამოყო, როგორც საცხოვრებელი უძრავი ქონების, ასევე სახელმწიფო დაკვეთით შესრულებული ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
“ქართველ დეველოპერულ კომპანიებთან თანამშრომლობას რაც შეეხება, 2024 წელს ვავითარებთ, როგორც “ბიოგრაფი ლივინგის” პროექტს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ასევე ასათიანის ქუჩაზე მდებარე “თბილისი გარდენსს” და “M2 სქაილაინს”. სამივე ეს პროექტი გამორჩეულია, რადგან მათი სიმაღლე 110-იდან 140 მეტრამდე მერყეობს, ხოლო თბილისში ასეთი არქიტექტურული პროექტები ნამდვილად არ ჭარბობს. ამ პროექტების დასრულება 2024-2025 წლებისთვის არის დაგეგმილი.
მიმდინარე პროექტებს რაც შეეხება, 2023 წელი მეტად დატვირთული იყო იმ დიდი პროექტებით, რომელთაც ჯანდაცვის სამინისტროს დაკვეთით ვახორციელებთ. აქ იგულისხმება, როგორც იძულებით გადაადგილებულ პირთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ბინები, რომლებიც თბილისში, ზუგდიდსა და ქუთაისში მდებარეობს - საუბარია 4,800-მდე საცხოვრებელ ბინაზე, რომელთა ჯამური ფართობი 260,000 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
სოციალურ პროექტებს ვახორციელებთ, როგორც ბათუმში, მუნიციპალიტეტის დაკვეთით, ასევე თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით, რაც პოლიციელებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას გულისხმობს. ეს პროექტი 2023 წლის მთავარი გამოწვევა იყო, მაგრამ, ვფიქრობ, რომ სირთულის მიუხედავად, ის ძალიან კარგად დავიწყეთ”, - განაცხადა ირაკლი გოგოლიშვილმა “საქმიან საღამოში”.