სამშენებლო კომპანია “ანაგი”, რომელსაც 2024 წელს დაფუძნებიდან 35 წელიწადი უსრულდება, ქართული სამშენებლო ბაზრის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშეა, რაც რიცხვებითაც დასტურდება. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გოგოლიშვილმა “საქმიან საღამოში” განაცხადა, 2023 წელს, კომპანიის მიერ დაფიქსირებულმა ბრუნვამ 450 მილიონი ლარი შეადგინა.
“კომპანიის გასული წლის ბრუნვა 450 მილიონი ლარის ფარგლებში მერყეობს და 2022 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი მზარდია. თუ გავითვალისწინებთ დაგეგმილ პროექტებს და საკონტრაქტო ვალდებულებებს, რომლებიც უკვე აღებული გვაქვს, 2024 წელი - უკეთესი იქნება. თუ პანდემიურ 2021 წელს არ ჩავთვლით, ფაქტობრივად ყველა გასული წელი მზარდი იყო და ვეცდებით, რომ ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 2024 წელი “ანაგისთვის” საიუბილეო წელია - წელს, კომპანიის დაფუძნებიდან 35 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ვფიქრობთ, რომ ბაზრისთვის, მით უმეტეს სამშენებლო დარგში, ეს მცირე ასაკი არ არის”, - განაცხადა ირაკლი გოგოლიშვილმა “საქმიან საღამოში”.
ცნობისთვის გეტყვით, რომ სამშენებლო კომპანია “ანაგი” მრავალპროფილურ ინფრასტრუქტურას აშენებს, მათ შორის საცხოვრებელ უძრავ ქონებას, რამდენიმე დიდ დეველოპერულ კომპანიასთან თანამშრომლობით, ასევე სოციალურ პროექტებს, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით.