მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წითელი ზღვის კრიზისი, რეგულაციები და კადრები - რა გამოწვევების წინაშე დგას “ანაგი”?

ანაგი

რამდენიმე თვის წინ, როგორც იცით, წითელ ზღვაში “ჰუსიტთა მოძრაობა” გააქტიურდა. იემენში ბაზირებული სამხედრო დაჯგუფების, წევრების მიერ ახლო აღმოსავლეთში ოპერაციების განახლების შემდეგ, გლობალური ლოგისტიკური ჯაჭვი დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, რადგან გლობალური გადამზიდი კომპანიები წითელ ზღვაში შესვლისგან თავს იკავებენ და ურჩევნიათ, აფრიკის კონტინენტს შემოუარონ, რაც ხარჯებსა და დროს ზრდის.

წითელ ზღვაში შექმნილ კრიზისს და მის შედეგად გაძვირებულ სატრანსპორტო ხარჯებს 2024 წლის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ასახელებს სამშენებლო კომპანია “ანაგის” გენერალური დირექტორი. როგორც ირაკლი გოგოლიშვილმა “საქმიან საღამოში” განაცხადა, ტრანსპორტირების ხარჯები, შესაძლოა, პანდემიურ დონეს დაუბრუნდეს, რაც მშენებლობის ხარჯებს გაზრდის.

“[წითელი ზღვის კრიზისი] ლოგისტიკური თვალსაზრისით იმდენად მნიშვნელოვანია, რომ, შესაძლოა, ტრანსპორტირების ხარჯები პანდემიის დროს არსებულ დონეს გაუტოლდეს. თუმცა თუ ეს პრობლემა დიდხანს გაგრძელდა, ის, სავარაუდოდ, ტენდენციურ ხასიათს შეინარჩუნებს და საზღვარგარეთიდან იმპორტირებულ მატერიალურ ფასეულობებზე გარკვეული ასახვაც ექნება”, - განაცხადა ირაკლი გოგოლიშვილმა.

“საქმიან საღამოში” სტუმრობისას “ანაგის” გენერალურმა დირექტორმა იმ სხვა გამოწვევებზეც ისაუბრა, რომელთა წინაშე სამშენებლო კომპანია 2024 წელს დგას.

“გამოწვევად, ასევე, შეიძლება ის რეგულაციებიც ჩაითვალოს, რომლებიც დღეს გარკვეულ მუნიციპალიტეტებში სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებასთან დაკავშირებით არსებობს, საცობებიდან გამომდინარე. სამართლიანია, მაგრამ დარგისთვის, გარკვეულწილად, გამოწვევას წარმოადგენს.

ამასთან, გამოწვევად რჩება კვალიფიციური კადრების დეფიციტი”, - განაცხადა ირაკლი გოგოლიშვილმა “საქმიან საღამოში”.

“საქმიან საღამოში” სტუმრობისას, “ანაგის” გენერალურმა დირექტორმა მშენებლობის ფასების ზრდის დინამიკაზეც ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, 2023 წელს დაჩქარდა და 2024 წელსაც გაგრძელდება.

“ფასების ზრდით გამორჩეული იყო 2023 წელიც. თან, ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა აღინიშნოს, რომ ფასები გაიზარდა ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზეც, მათ შორის ინერტულ მასალაზე. საერთო ჯამში, დღეს, ადგილობრივი პროდუქციის ფასი უფრო მეტად იზრდება, ვიდრე იმპორტირებულის, რადგან ძვირდება რესურსები და იზრდება მუშახელის ხელფასები.

2024 წლის ტენდენციების შეფასება გამიჭირდება, მაგრამ მოლოდინი იმისა, რომ ფასი შენარჩუნდება, არ გვაქვს. ფასები, სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგან 2023 წელს მინიმუმ 7-8%-იანი ზრდა ფიქსირდება და შეიძლება, ეს მაჩვენებელი 10%-ზეც ავიდეთ. ზრდის ტენდენცია, სავარაუდოდ, 2024 წელსაც გაგრძელდება, მაგრამ მასშტაბის თქმა გამიჭირდება”, - განაცხადა ირაკლი გოგოლიშვილმა “საქმიან საღამოში”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები