სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების პირველი კვარტლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს გადასახადის გადამხდელებს იმ მოხელეთა ანაზღაურება, რომლებიც “შტატგარეშეს” სტატუსით არიან დასაქმებული 57 მილიონი ლარი დაუჯდათ, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 10 მილიონი ლარით მეტია.
საჯარო უწყებებში შტატგარეშე მოხელეების დანიშნვის პროცედურები, შტატიანი დასაქმებულების აყვანასთან შედარებით მარტივია, რის გამოც, ხშირად ამა თუ იმ ორგანიზაციაში უშტატო მოხელეების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.
რაც შეეხება შტატში მყოფთა ჯამურ ანაზღაურებას, მისი გაცემა ბიუჯეტის “შრომის ანაზღაურების” მუხლიდან ხდება და მისმა ფაქტობრივმა შესრულებამ პირველ კვარტალში 385 მილიონი ლარი შეადგინა.
შესაბამისად, ჯამურად სახელმწიფო აპარატის (შტატიანის და უშტატოს) შენახვა გადასახადის გადამხდელებს პირველ კვარტალში 442 მილიონი ლარი დაუჯდათ. შედარებისთვის, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 418 მილიონი ლარი იყო.
რაც შეეხება ჯამურად, 2019 წლის მაჩვენებელს, ბიუჯეტის ანგარიშის მიხედვით, შტატგარეშე პირთა ჯამური ანაზღაურება გასულ წელს 242.2 მილიონი ლარი იყო.
კანონის მიხედვით, უწყებებში შტატგარეშეთა რაოდენობა 2%-ს არ უნდა აჭარბებდეს, თუმცა საბიუჯეტო ორგანიზაციებს ამ ზღვრის გადაჭარბება მთავრობის ნებართვის საფუძველზე შეუძლიათ. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ შტატგარეშე მოხელის აყვანის და მისთვის სახელფასო სარგოს დანიშვნის მარეგულირებელი წესები ნაკლები გამჭვირვალობით ხასიათდება, ვიდრე შტატში მყოფი პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მისი სახელფასო გასამრჯელო.
ამავდროულად, საქართველოში სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით არ არსებობს ზღვარი თუ რამდენი ხანი შეიძლება იყოს ადამიანი უშტატოდ დასაქმებული. მაგალითად, საფრანგეთში ორწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, მოხელე ან შტატში უნდა ჩასვან ან გაათავისუფლონ, პოლონეთში ანალოგიური ვადა 3 წელია, ისრაელში კი 15 თვე.