მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბეჟან წაქაძე რეგიონებისთვის დამატებით ₾100 მლნ-ს ითხოვს

ბეჟან წაქაძე

"ქართული ოცნების" პარლამენტის დეპუტატი, ბეჟან წაქაძე ფინანსთა სამინისტროსგან რეგიონების განვითარებისთვის დამატებით 100 მლნ ლარს ითხოვს.

დეპუტატი 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის რამდენიმე მთავარი პრობლემის მოგვარების თხოვნით მიმართა.

"მე სრული გულწრფელობით ვამბობ, 1 თვის წინ დამთავრდა არჩევნები, მოსახლეობასთან მქონდა შეხვედრები, ის 54% რომ მოგვცეს პარტიას, იყო სწორედ იმ გავლილი გაკეთებული საქმეების, რაც ჩვენ გავაკეთეთ. მეტი რომ გავაკეთოთ, მეტი იქნება. არავითარი პარტიის სახელწოდება არ აინტერესებს ხალხს, აინტერესებთ გაკეთებული საქმეები.

მოსახლეობასთან შეხვედრის დროს წამოჭრილ საკითხებზე, მინდა, ორიოდ სიტყვა ვთქვა. პირველი, ეს არის, როდესაც იზრდება ყველა ფონდები, მოსახლეობა უყურებს, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა, მაკროეკონომიკური პარამეტრები კარგია, ინფრასტრუქტურა ვითარდება, მოთხოვნა მეტია.

აქვე, ძირითადი რაღაც მინდა ვთქვა, ჯანდაცვის დაფინანსება იზრდება, მაგრამ როცა ადამიანი ცუდად ხდება და იქ მიუვალია ადგილი, ასეთი ადგილები კი ძალიან ბევრია იკარგება ის ორნიშნა ეკონომიკური მაჩვენებელიც და ყველაფერი. ის თუ მოკვდა, აღარ შველის არც ორნიშნა ეკონომიკური მაჩვენებელი და არც არაფერი. რაღად უნდა? არც წამალი შველის და არც არაფერი.ზოგი, თუ ჩავიდა მანქანა ვეღარ მოდის. ასეთები არიან და მე მოგმართავთ არა მხოლოდ თქვენ, მივმართავ რაიონის ხელმძღვანელობასაც, წარმომადგენლებსა და დელეგატებს, უნდა მოხდეს ასეთი ფაქტების ინვენტარიზაცია და გადმოიგზავნოს ჩვენთან. ოქტომბერში კიდევ არჩევნები გვაქვს [ადგილობრივი]. მე ეს დამავალა ხალხმა და ვამბობ. თქვენი გადასაწყვეტია. ამას მხოლოდ საუბარი არ უნდა. მე ვფიქრობ, 100 მლნ ლარი სრულად საკმარისი იქნება და ეს არ არის დიდი თანხა. მნიშვნელოვანია, ამოვწვათ რაიონში ის ადგილები, სადაც მათ ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება", - განაცხადა წაქაძემ.

მინისტრის მოადგილემ წაქაძეს უთხრა, რომ ეს არა 100, არამედ 600 მლნ-ს პროექტებია და ამ ეტაპზე, ბიუჯეტს მეტის შესაძლებლობა არ აქვს.

" თქვენ დაახლოებით 600 მლნ-ს პროექტები ჩამოთვალეთ, იქნება ეს გზა, წყალი, დღგ, თუ განახლებული რეგიონების პროგრამა. პასუხიც პრინციპში იცოდით. ეს ფული საიდანღაც ვერ მოვა. არის ეკონომიკა, არის საგადასახადო შემოსავლები, რის გენერირებასაც აკეთებს ის ეკონომიკური ზრდა, იქიდან გამომდინარე გვაქვს ბიუჯეტიც. ერთდროულად თან დღგ-ს წილი მეტი დავუთმოთ რეგიონებს და თან, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებიც დავიწყოთ, არ გამოდის. მაშინ, სადღაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება რაღაც მიმართულებების შემცირებასთან დაკავშირებით", - განაცხადა კაკაურიძემ და წაქაძეს დაჰპირდა, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის გაგრძელების შემთხვევაში, რეგიონების ბიუჯეტის ზრდაც გაგრძელდება. იქამდე კი, თავად უნდა მოახდინონ პრიორიტეტების ისე გადალაგება, რომ გზის და წყლის პრობლემა აღმოიფხვრას.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები