მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

ფინანსთა სამინისტრო

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის შესახებ იმსჯელა და მხარი დაუჭირა.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრების თანახმად, 2024 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იზრდება და განისაზღვრება 9,0%-ის ოდენობით, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროგნოზი განისაზღვრება 3,1%-ის ოდენობით. შემცირებულია ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი და იგი 1,0%-ს შეადგენს.

მისივე ინფორმაციით, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა განისაზღვრება 90 895,0 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები - 23 260,0 მლნ ლარის ოდენობით.

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების გეგმური მაჩვენებელი იზრდება 1 218 მლნ ლარით და განისაზღვრება 25 616,0 მლნ ლარის ოდენობით. საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი იზრდება 1 126,5 მლნ ლარით და შეადგენს 25 696,0 მლნ ლარს.

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად შეადგენს 25 930,4 მლნ ლარს, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 900,0 მლნ ლარით.

არსებული ინფორმაციით, რაც შეეხება 2025 წლის ბიუჯეტს, მესამე მოსმენით პარლამენტი 13 დეკემბრამდე მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები