მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წლის III კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში 219 000 ადამიანი უმუშევარია

5fb67e0c7a0f1
ელენე გოგბერაშვილი
20.11.20 00:23
1473
2020 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, ქვეყანაში 1,628 მლნ ადამიანია დასაქმებული, 219 ათასი მოქალაქე კი უმუშევარია. ის რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე გაიზარდა, პანდემიის ნეგატიური შედეგებიდან გამომდინარე, ალბათ გასაკვირი არც არის. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, რომ მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.8 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი და 11.9%-ს შეადგენს. საანგარიშო პერიოდში უმუშევრობის მაჩვენებელი განსაკუთრებით ქალაქებში, 2,2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დონესთან ერთად, ქვეყნის მასშტაბით, 1.9 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული დასაქმების დონეც.

2020 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა ეკონომიკური აქტივობის მიხედვით ასე ნაწილდება:

სამუშაო ძალა - 1,847 მილიონი ( -55 000 წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით); 
დასაქმებული - 1,628 მილიონი (-63 000 წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით);
დაქირავებული - 805 ათასი (50 000 წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით);
თვითდასაქმებული - 822 ათასი (-13 000 წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით);
უმუშევარი - 219 ათასი (-8 000 წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით);
მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ - 1,189 მილიონი (-48 000 წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით);

უმუშევრობის დონის ზრდის მთავარ მიზეზად ეკონომისტები პანდემიის გამო შექმნილ ეკონომიკურ კრიზისს ასახელებენ. ანალიტიკოსების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ რეალური რიცხვები გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე ამას საქსტატი აღრიცხავს.

"უმუშევრობის დონის ზრდაზე ზეგავლენა მოახდინა ეკონომიკურმა კრიზისმა, რომლის ფუნდამენტი პანდემიაა. რასაკვირველია, როცა ეკონომიკურ კრიზისს აქვს ადგილი, მაშინ სამუშაო ადგილები ქრება და შესაბამისად, ის პირდაპირ აისახება უმუშევრობის მაჩვენებელზე. ძირითადად, ამის გამოა მაჩვენებლები გაზრდილი. ასევე, ამ მაჩვენებელზე ზეგავლენა იქონია მათ შორის იმ პოლიტიკამ, რომელსაც მთავრობა ატარებდა უხელფასოდ დარჩენილებთან დაკავშირებით, რამაც გარკვეულწილად სტიმულირებაც მოახდინა გრძელვადიანად ყოფილიყო შენარჩუნებული ხელფასის არამღებთა რაოდენობა.

ძირითადად ეკონომიკურმა მდგომარეობამ განაპირობა არსებული მაჩვენებლების ფორმირება, ვინაიდან როცა ბიზნესი პაუზდება ან ჩერდება ან გადის ბაზრიდან, ეს დაკარგულ სამუშაო ადგილებს ნიშნავს. ბოლო მონაცემები, რაც არის, საეჭვოც კია, რადგან ვფიქრობ, გაცილებით მეტია უმუშევრობის დონე. მათ ალბათ სრულად ვერ გამოიყენეს პარამეტრები, თუნდაც იმიტომ, რომ ბევრი ემიგრაციაში წასული ადამიანი დაბრუნდა და შეემატა უმუშევართა რიგებს“, - აცხადებს რამაზ გერლიანი.

კერძო სექტორი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე კვლავ გაიზარდოს, რადგან ბიზნესი პანდემიის ნეგატიურ შედეგებს დღემდე იმკის და სამომავლო მოლოდინიც ოპტიმისტური არ აქვთ.

„სტუმარ-მასპინძლობის სექტორში 300 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული. პანდემიის დაწყებისას რესტორნების 10%-მდე დავკარგეთ. დღეს მისული ვართ 80%-მდე, როდესაც რესტორნები დახურულია. ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების ნახევარზე მეტი უმუშევარია. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ამ სფეროს კოლაფსი ემუქრება. გადარჩება მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი რესტორნები“, - აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე.

გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე უმუშევრობის დონის ზრდას ელიან დამსაქმებელთა ასოციაციაშიც.

„როგორც მოსალოდნელი იყო, გაზაფხულიდან მოყოლებული ნეგატიური დინამიკა, რაც ასახავდა უმუშევრობის დონის ზრდას, დღემდე გრძელდება. გამომდინარე იქიდან, რომ პანდემია მთავარ გამოწვევად რჩება და არ ვიცით, მომდევნო ერთი წელი რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს ბიზნესს, აქტივობა არის შეფერხებული, კერძო სექტორს არ აჰყავს ახალი კადრები და უწევს ადამიანური რესურსების ოპტიმიზაცია, სამსახურიდან გაშვება ან უხელფასო შვებულების გაშვება.

ვაკეთებთ კვლევებს, დასაქმების მაჩვენებელთან დაკავშირებით, თუ რას გეგმავენ მომდევნო პერიოდის განმავლობაში. აქაც უმეტესი კომპანიისთვის მოლოდინი არის ნეგატიური, როცა ისინი ერიდებიან ბიზნესების გაფართოებას, რადგან ეს ყველაფრი უკავშირდება ინვესტიციებს, რომელიც შეფერხებულია და ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, აისახება დასაქმებაზეც. კვლევების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმუშევრობის დონის კიდევ უფრო გაზრდაა მოსალოდნელი. გამოკითხული კომპანიების 50%-60%-მდე მომდევნო ერთი წელი გაფართოებას და ახალი თანამშრომლების აყვანას არ გეგმავს. ეს არის საკმაოდ ნეგატიური შედეგი, რომელიც ისევ და ისევ უკავშირდება პანდემიას“, - აცხადებს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე.