მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 4.3%-ით შემცირდა

5ecf6bfa8fb45
შოთა ტყეშელაშვილი
28.05.20 20:40
1834
2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.3%-ით შემცირდა. ამის შესახებ თიბისი ბანკის, ISET-ისა და ForSet-ის მიერ თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის უძრავი ქონების ბაზრის შესახებ მომზადებული ანგარიშიდან ირკვევა.

დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 27,273 ერთეული უძრავი ქონების რეალიზება მოხდა, რაც 2019 წლის მეოთხე კვარტალთან (34,602 ერთეულთან) შედარებით 21.2%-ით ნაკლებია.

კვლევის მიხედვით, 2020 წლის პირველ კვარტალში, თბილისის უბნების მიხედვით, ყველაზე მეტი ტრანზაქცია საბურთალოზე მდებარე ობიექტებზე განხორციელდა და მასზე მთლიანი ბაზრის 22.7% მოდიოდა. 17.5%-ით მეორე ადგილზე ვაკე, ხოლო მესამე ადგილზე კი 13.8%-ით გლდანი იმყოფება.

ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის პირველ კვარტალში ფასების ყველაზე მკვეთრი, 20%-იანი ზრდა ჩუღურეთში დაფიქსირდა, სადაც ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 948 დოლარია. ყველაზე მაღალი ფასი კი კვლავ მთაწმინდაზე ნარჩუნდება, სადაც ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 1,255 დოლარია.

უძრავი ქონების ფასები თბილისში უბნების მიხედვით:

● მთაწმინდა - 1,255 დოლარი, წლიური ზრდა 16%;
● ვაკე - 1,118 დოლარი, წლიური ზრდა 13%;
● საბურთალო - 976 დოლარი, წლიური ზრდა 9%;
● ჩუღურეთი - 948 დოლარი, წლიური ზრდა 20%;
● დიდუბე - 844 დოლარი, წლიური ზრდა 6%;
● კრწანისი - 943 დოლარი, წლიური ზრდა 5%;
● ისანი - 823 დოლარი, წლიური ზრდა 18%;
● ნაძალადევი - 675 დოლარი, წლიური ზრდა 8%;
● გლდანი - 659 დოლარი, წლიური ზრდა 13%;
● სამგორი - 624 დოლარი, წლიური ზრდა 2%.