მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს მთავრობის ვალი, სავარაუდოდ, 56%-მდე შემცირდება - Fitch

610e23f62433a
ნათია თაქთაქიშვილი
07.08.21 12:40
997
გავლენიანმა სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე დაადასტურა, ხოლო პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა. ამის შესახებ ინფორმაცია Fitch-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც სარეიტინგო კომპანიის შეფასებაშია აღნიშნული, საქართველოს საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებამ განაპირობა და Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს თანმიმდევრულ პოლიტიკას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და ფინანსურ მდგრადობას.

Fitch-ის ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პანდემიამ მძიმედ დააზარალა, ქვეყანამ კარგად გაართვა თავი გარე შოკებს კრედიტორების დახმარებით. წელს ნავარაუდევი ძლიერი ეკონომიკური აღდგენა საქართველოს დაეხმარება სამთავრობო ვალის შემცირებაში, ხოლო დაგროვილი ფისკალური ბუფერები პანდემიასთან დაკავშირებულ რისკებს შეზღუდავს.

„ჩვენი ვარაუდით, საქართველოს მთავრობის ვალი, რომელმაც GDP-ის 2020 წელს 60% შეადგინა, 2021-ში 56.0%-მდე შემცირდება, ხოლო 2023 წელს - 55.2%-ს გაუტოლდება“, - ნათქვამია Fitch-ის ანგარიშში.

სარეიტინგო კომპანია ანგარიშში ასევე წერს, რომ საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში და ზრდამ 12.7% შეადგინა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. Fitch-ის მოსაზრებით, ეკონომიკის ასეთი ზრდა განაპირობა ფულადი გზავნილების ზრდამ, საქონლის ექსპორტმა და ტურიზმის ნაწილობრივმა აღდგენამ.

სარეიტინგო კომპანიის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 7.8%%-ით, ხოლო 2022-2023 წელს 5.4%-ით გაიზრდება. თუმცა Fitch-ი ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროცესზე შეიძლება ნეგატიური გავლენა მოახდინოს პანდემიის გარშემო არსებულმა რისკებმა, ვაქცინაციის ტემპმა და ადგილობრივმა არჩევნებმა, რომელიც ოქტომბერში უნდა გაიმართოს.

„ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები წარმოადგენს უარყოფით რისკს, რამაც შეიძლება შეცვალოს ჩვენი პროგნოზი ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, რადგან პოლიტიკური დაძაბულობა მართველ პარტიასა ("ქართული ოცნება") და წამყვან ოპოზიციურ პარტიას ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობას") შორის ძალიან დიდია. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა დაარღვიეს აპრილში ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმება, რომელიც პარტიათაშორისი კომპრომისის ნაწილს წარმოადგენდა და მიზნად ისახავდა პოლიტიკური დაძაბულობის დასრულებას, რომელიც 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. მიუხედავად გაძლიერებული პოლიტიკური გაურკვევლობისა, Fitch ამჟამად არ ელოდება პოლიტიკური ჩარჩოს იმგვარ დარღვევას, რასაც საქართველოს რეიტინგზე გავლენა ექნება“, - წერia Fitch-ი ანგარიშში.