მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წლის აპრილში საქართველოს $500 მლნ-ის ევრობონდების დაფარვა უწევს - როგორ მოხდება რეფინანსირება?

5f6af787c1367
შოთა ტყეშელაშვილი
23.09.20 13:30
3193
2021 წლის 12 აპრილს საქართველოს მთავრობამ $500 მილიონი დოლარის მოცულობის 10-წლიანი ევრო-ობლიგაციების დაფარვა უწევს. 

ეს ფასიანი ქაღალდები საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე 2011 წელს განათავსა და მათი მეშვეობით 2008 წელს გამოშვებული $500 მილიონიანი ევრო-ობლიგაციების რეფინანსირება მოახდინა. 

საქართველოს მთავრობა 2021 წელს გასასტუმრებელი ვალის დაფარვას ხელახალი რეფინანსირებით გეგმავს, რისთვისაც ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით რამდენიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. 

გუშინ ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფოს კუთვნილმა "ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" 2021 წლის აპრილში დასაფარი $250-მილიონიანი ევრობონდების რეფინანსირებისთვის EBRD-ისგან ვალის სახით მოიზიდა $250 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი. "ნავთობისა და გაზის" კორპორაციამ 5-წლიანი ვადიანობის ევრობონდები 2016 წელს გამოუშვა და მათი დაფარვის ვადა 2021 წლის აპრილში იწურებოდა. ფასიანი ქაღალდები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრებოდა. 

EBRD-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაფინანსების შეთანხმება COVID-19-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შოკის საპასუხოდ მოხდა. ამასთან, ფინანსური პაკეტი ხელს შეუწყობს სახელმწიფო კომპანიაში დაგეგმილ რეფორმებს. მათ შორისაა, ბუნებრივი აირის ბირჟის განვითარება.

"სესხი შეამსუბუქებს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ლიკვიდობაზე დაწოლას, რაც COVID-19-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების მიერ იყო გამოწვეული, ამასთან დაფინანსება კომპანიას კაპიტალის ბაზარზე წვდომაში არსებულ სირთულეებსაც შეუმსუბუქებს,"- ნათქვამია EBRD-ის განმარტებაში. 

"ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" $250 მილიონის ევრო-ობლიგაციები თავდაპირველად 2012 წელს გამოუშვა და ისინი ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა. 2016 წლის აპრილში კორპორაციამ ხელახლა გამოუშვა ფასიანი ქაღალდები და 2012 წელს აღებული ფინანსური ვალდებულებები წინსწრებით დაფარა. 2021 წლის 26 აპრილს სწორედ ამ ახალი ემისიის ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღი იწურებოდა. 

რკინიგზის $500-მილიონიანი ობლიგაციები:

კიდევ ერთი სახელმწიფო კომპანია, რომელსაც ევრო-ობლიგაციები აქვს გამოშვებული საქართველოს რკინიგზაა. 2012 წლის ივლისში კომპანიამ $500 მილიონი დოლარის მოცულობის 10-წლიანი ბონდები გამოუშვა, რითიც 2010 წელს გამოშვებული $250-მილიონიანი ბონდები ნაადრევად დაფარა. სახელმწიფო კომპანიისთვის ნახევარი მილიარდი დოლარის ობლიგაციების გასტუმრების ბოლო ვადა 2022 წლის ივლისში იწურება.