მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წლის ბიუჯეტით, მშპ ერთ მოსახლეზე 4,353 დოლარია, რაც 2019 წელზე 7%-ით ნაკლებია - TI

5fe980a108feb
შოთა ტყეშელაშვილი
28.12.20 11:07
903
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" 2021 წლის ბიუჯეტის მესამე პროექტზე ახალი მიმოხილვა გამოაქვეყნა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2021 წელს საქართველოში პროგნოზირებული 4.3%-იანი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 2019 წელთან შედარებით ნაკლები იქნება და ის 4,353 დოლარით განისაზღვრება. ამ კლების მიზეზს კი, საქართველოს ეროვნული ვალუტის გაუფასურება წარმოადგენს. 

"2021 წლისთვის მთავრობა ეკონომიკის 4.3%-ით ზრდას პროგნოზირებს. ბიუჯეტის პროექტის წინა ვერსიით, მთავრობა 5%-იან ზრდას პროგნოზირებდა, თუმცა პანდემიური სიტუაციის გართულების გამო მოსალოდნელი ზრდის მაჩვენებელი შეამცირა. ზოგადად, კრიზისული წლის შემდეგ ეკონომიკის ზრდის მიღწევა იოლდება, რადგან ეკონომიკა უბრუნდება კრიზისამდელ მდგომარეობას. თუმცა აშკარაა, რომ პანდემია მინიმუმ მომავალი წლის დასაწყისშიც პრობლემა იქნება და 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს ეკონომიკა შემცირდება. ეკონომიკა ზრდას, სავარაუდოდ, მომავალი წლის მარტიდან დაიწყებს.

2021 წლისთვის ლარის აშშ დოლარის მიმართ გაცვლით საორიენტაციო კურსად 3.3 არის აღებული. ერთ მოსახლეზე შემოსავალი 2021 წელს 4 353 აშშ დოლარამდე უნდა გაიზარდოს, რაც 7.3%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე. წლიური ინფლაციის მოსალოდნელი დონე 3%-ია", - აღნიშნავს TI.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს 2021 წლის ბიუჯეტი უნდა დაეგეგმა იმგვარად, რომ არსებული საბიუჯეტო შემოსავლების უდიდესი ნაწილი ეკონომიკური და სოციალური კრიზისის მოგვარებაზე მიემართა და ამ მიზნებისთვის დიდი მოცულობის საგარეო ვალი არ აეღო, რათა ვალის დონე მშპ-ის 60%-ზე დაბლა ყოფილიყო. 

"2021 წელს საქართველოს მთავრობა 5.3 მლრდ ლარამდე ვალს აიღებს, მაგრამ ამავე დროს 2.8 მლრდ ლარი ადრე აღებული ვალის მომსახურებას მოხმარდება. შედეგად, მთავრობის ვალი 2.5 მლრდ ლარით გაიზრდება. ზრდა მხოლოდ საგარეო ვალზე მოდის. 2021 წელს მთავრობა ახალ საშინაო ვალს არ აიღებს. მომავალ წელს მთავრობა 2008 წელს გამოცემული 500 მლნ დოლარის ღირებულების „ევროობლიგაციების” გადასაფარად 1,657 მლნ ლარის ახალ „ევროობლიგაციებს” გამოუშვებს. 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის წინა ვერსიაში, მთავრობა ახალი „ევროობლიგაციების” გამოშვებას არ გეგმავდა, დავალიანება ბიუჯეტის ნაშთზე არსებული თანხიდან უნდა დაფარულიყო.

2021 წლის ბოლოს მთავრობის ვალი 32.1 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 60.1% იქნება. მიმდინარე წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის ვალი 28.6 მლრდ ლარია, რაც მშპ-ის 58%-ია. „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ კანონით მთავრობის ვალის დაშვებული ზედა ზღვარი მშპ-ის 60%-ია,. რადგან ვალი მშპ-ის 60%-ზე მაღალია, მთავრობა ვალდებულია, პარლამენტს წარუდგენოს კანონით განსაზღვრულ პარამეტრებში დაბრუნების გეგმა. წარმოდგენილი გეგმის თანახმად, მთავრობის ვალის მშპ-ის 60%-ს 2022 წლისთვის ჩამოცდება და 58.6% იქნება," - ნათქვამია TI-ის ანგარიშში.