მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გემბლინგის რეკლამის აკრძალვით დაკარგული შემოსავლის დაბალანსება შევძელით - "ტვ იმედი"

ტვ იმედი

2022 წელს მაუწყებლების  შემოსავალი  გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10 მილიონი ლარით შემცირდა. ოფიციალური მონაცემები საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ გააანალიზა და დაასკვნა, რომ  კლების მთავარი ფაქტორი საკანონმდებლო ცვლილებაა,  რაც მედიაში აზარტული თამაშების შესახებ რეკლამის განთავსების აკრძალვას ითვალისწინებს. კვლევაში წერია, რომ აზარტული თამაშებიდან მიღებული შემოსავალი  წინა წელთან შედარებით, თითქმის 4-ჯერ (13 მლნ ლარით) შემცირდა 4.8 მლნ ლარი შეადგინა.

ტელეკომპანია იმედის გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი კოტე ბათმანიდი აცხადებს,რომ ტელევიზიებში რეკლამიდან მიღებული შემოსავლის შემცირება აზარტული თამაშების რეკლამას აკრძალვის გარდა,რუსეთ-უკრაინის ომითაც იყო განპირობებული.

მისი თქმით, გასულ წელს დამკვეთ კომპანიებში პროცესების მნიშვნელოვანი გადალაგება მოხდა, რის გამოც გაყიდვების ტემპი შენელდა. თუმცა  კოტე ბათმანიდი ამბობს, რომ 2022 წლისგან განსხვავებით ბაზარზე ახალი ტენდენციაა და  ტელეკომპანია იმედმა 2023 წელს აზარტული თამაშების რეკლამიდან დაკარგული შემოსავლის შევსება  სხვა დამკვეთების ხარჯზე უკვე შეძლო. 

“ე.წ პროდაქთ ფლეისმენთის მიმართულებას თუ ავიღებთ, 2022 წელს გავაკეთეთ 2023 წლის გეგმა მზარდი ოდენობა თანხის. ჩემდა გასაკვირად ამან კიდევ უფრო გადააჭარბა და მიუხედავად იმისა, რომ ისედაც მზარდი გეგმა გვქონდა ჩადებული. შეიძლება ითქვას, რომ პროგნოზით თუ არაფერი ისეთი არ მოხდა პროდაქთ ფლეისმენთის ნაწილში ჩვენ დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რომელიც გემბლინგის რეკლამის აკრძალვამდე გვქონდა.

აქვე არ შეიძლება არ ვთქვათ, რომ ახლა რომ ყოფილიყო გემბლინგის რეკლამა მედიაში დაშვებული უფრო მეტი შემოსავალი გვექნებოდა. ფაქტია, რომ რაც უფრო მეტი საშუალებები აქვს ტელევიზიას, რომ დაკვეთებთან მიმართებაში ჰქონდეს კომუნიკაცია უფრო მეტი ფულია. ერთადერთი ის არის, რომ დაბალანსდა გემბლინგის ნაწილი სხვა კომპანიებით. ჩვენ ვეცადეთ, რომ უფრო აქტიურები ვყოფილიყავით სხვა კომპანიებთან,”- ამბობს კოტე ბათმანიდი. 

ტელეკომპანია იმედის გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გემბლინგიდან მიღებული შემოსავლების დაბალანსდება კომპანიამ როგორც სხვა დამკვეთების ხარჯზე, ისე ფასების კორექტირებით შეძლო. 

“მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელში იყო შემცირებები ჩვენ შევძელით, რომ ფასები მომატებულიყო ლოგიკურად, მოთხოვნა მიწოდებიდან გამომდინარე. 2022 წელს ჩვენ შევძელით ფასების კორექტირება და იმ დონეზე მიყვანა, რომ შემდეგი წელი ყოფილიყო ლოგიკური პროცესი, იმ შემთხვევაში თუ იქნებოდა დაკვეთები. ავტომატურად მივიღეთ 2023 წელს მატება. 

გემბლინგის ნაწილი დაბალანსდა თანხობრივად, ჩვენი ტელევიზია საკმაოდ დიდი რეინტინგით არის და ამ დომინანტობამ რეიტინგში მოგვცა საშუალება ბევრი რაღაც გაგვეკეთებინა, შეიძლება ამ შეფასების გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ ეს სხვა ტელევიზიების ხარჯზეა გაკეთებული. ამ ეტაპზე რა მონაცემებიც, გვაქვს ჩვენ გემბლინგის დანაკლისის დაბალანსება შევძელით,”-ამბობს ბათმანიდი. 

ცნობისთვის, საერთაშორისო გაჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით, ჯამური სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი ნაწილი (27 მლნ. ლარზე მეტი)  “იმედის ჰოლდინგმა” მიიღო.  Მეორე ადგილზე მყოფ “მთავარ არხს” , თითქმის 3-ჯერ ნაკლები სარეკლამო შემოსავალი ჰქონდა -  10 მლნ  მლნ ლარი; რეიტინგში შემდეგ პოზიციებზე არია: “მედიაჰოლდინგი” (“რუსთავი 2”) - 9 მლნ ლარით; “ტელეკომპანია პირველი” - 5.8 მლნ ლარით და “ფორმულა” - 5.7 მლნ ლარით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები