მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წლის TOP ბიზნეს და ეკონომიკური მოვლენები საქართველოში

61cf122e253cd
შოთა ტყეშელაშვილი
31.12.21 20:30
1162
2021 წელს საქართველოს ეკონომიკა ბოლო ათწლეულში ყველაზე მაღალი - 10.7%-იანი ეკონომიკური ზრდით ასრულებს - საქსტატმა 11 თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დღეს გამოაქვეყნა. ეს რიცხვი მართალია, განსაკუთრებულად დიდია, თუმცა ის 2020 წელს დარდება, ხოლო თუკი ეკონომიკას კრიზისამდელ პერიოდს შევადარებთ, დავინახავთ, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა 2019 წელთან შედარებით, რეალურ გამოსახულებაში მხოლოდ 3.2%-ით გაიზარდა.

2021 წლის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები საქართველოსთვის

● ორნიშნა ეკონომიკური ზრდა - საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 11 თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, რაც დიდი ალბათობით იმას ნიშნავს, რომ 2021 წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაიხურება ანუ მთავრობის ოფიციალური პროგნოზი იმის თაობაზე, რომ წელს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნებოდა, გამართლდება. აღსანიშნია, რომ 2022 წლისთვის საქართველოს მთავრობა - 6%-იან, ეროვნული ბანკი კი 5%-იან ზრდას ელოდება. 2019 წელთან კი რეალური ზრდა 3.2%-ია.
● ლარის გაცვლითი კურსი დასტაბილურდა - თუკი 2021 წლის იანვარში ერთი დოლარის საფასური 3.30 ლარი იყო, ამჟამად კურსი 3.09-3.10-ის ფარგლებშია, რაც 6%-იანი გამყარებაა. გამყარების ძირითადი მიზეზებია ექსპორტის 26.7%-ით ზრდა, ასევე ფულად გზავნილებში არსებული 26%-იანი მატება. ტურიზმის შემოსავალი კი 2019 წლის 30%-ის დონეზე აღდგა და $1.1 მილიარდი შეადგინა.
● რეკორდულად მაღალი ინფლაცია - ლარის გამყარების საპირისპიროდ, მკვეთრად არის გაზრდილი ინფლაცია, რაც ნოემბრის მდგომარეობით, 12.5%-ზე იყო. ფასების მატება შეეხო სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების თითქმის სრულ სპექტრს. გაზრდილი ინფლაციური მოლოდინების ფონზე, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთიც ბოლო 10 წლის მაქსიმუმამდე - 10.5%-მდე გაზარდა, რამაც ეროვნული ვალუტის მსესხებლებს კრედიტების მომსახურების ღირებულება კიდევ გაუძვირა. მაღალი ინფლაცია გასტანს 2022 წელსაც, რადგან სებ-ის საბაზო პროგნოზის თანახმად, 2022 წლის ბოლოს ქვეყანაში 7%-იანი ინფლაცია უნდა იყოს, ხოლო რეფინანსირების განაკვეთი 8%-მდე უნდა შემცირდეს.
● ვაქცინაციის პროცესი - საქართველოში COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესი 2021 წლის 15 მარტს დაიწყო. მას შემდეგ სულ 1,289,000 ადამიანის აცრა მოხდა, მათ შორის ორჯერადად აიცრა 1,148,000 ადამიანი, რაც საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 40%-ია. შესაბამისად, ვერ შესრულდა ვაქცინაციის ეროვნული გეგმის სამიზნე, რაც მოქალაქეთა 60%-ის აცრას ითვალისწინებდა. ამას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა, მათ შორის ისიც, რომ ხელისუფლებამ სრულმასშტაბიანი ვაქცინაციისთვის აუცილებელი საინფორმაციო კამპანია არ ჩაატარა.
● რეფორმებზე უარის თქმა - 2021 წლის 19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩართულობით მმართველმა პარტიამ ოპოზიციასთან საპარლამენტო ბოიკოტის შეჩერების მიზნით გააფორმა შეთანხმება, რომელიც სასამართლო და საარჩევნო სისტემების მიმართულებით მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიცავდა. თუმცა უკვე მიმდინარე წლის ზაფხულში “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ ამ შეთანხმებიდან გადიოდა და ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებდა. 2021 წლის 30 აგვისტოს კი მთავრობამ ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარების 75-მილიონიან ტრანშზე წინასწარ თქვა უარი. ეს დახმარება რეფორმების მიმდინარეობაზე იყო მიბმული და მას ქვეყანა ამ რეფორმების შესრულების შემთხვევაში მიიღებდა.
● ტურიზმის აღდგენა - 2021 წლის 11 თვეში საქართველოში 1,56 მილიონი ვიზიტორი იმყოფებოდა, ტურიზმის სექტორის შემოსავალმა კი 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაოდენობრივად ვიზიტორთა ნაკადი 2019 წლის 21.7%-ზე აღდგა, ტურიზმის შემოსავალი კი 2019 წლის 30%-ზე მეტად აღდგა.

მნიშვნელოვანი მოვლენები ბიზნესში:

● ENKA-ს მიერ ნამახვანჰესის მშენებლობაზე უარის თქმა - 2021 წლის სექტემბერში თურქულმა გიგანტმა ENKA-მ განაცხადა, რომ ფორს-მაჟორის და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, საქართველოს მთავრობასთან დადებულ შეთანხმებას “ნამახვანჰესის” $800-მილიონიანი პროექტის მშენებლობის შესახებ გააუქმებდა. მთავრობის განცხადებით, ENKA-სთან შეთანხმება, ჯერჯერობით, მოშლილი არაა. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მიმართვას განიხილავს.
● აზარტული თამაშების რეგულირება - 2021 წლის დეკემბერში პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა აზარტული თამაშების რეგულირების კანონი, რომელიც ონლაინ-თამაშების მიმართულებით საგადასახადო ბაზას 65-70%-ით აფართოვებს; 25 წლამდე პირებს, ასევე სოცდაუცველებს და მოხელეებს თამაშს უკრძალავს; იკრძალება აზარტული თამაშების რეკლამირებაც.
● საქართველომ რუსულ Inter Rao-სთან $80-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო - ნოემბერში სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დაასრულა საარბიტრაჟო დავა 2017 წლიდან მიმდინარეობდა და ის სატარიფო დავას შეეხებოდა. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, მათ გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.
● GWP 225 მილიონ დოლარად გაიყიდება - 2021 წლის 31 დეკემბერს “საქართველოს კაპიტალმა” გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ესპანური კომპანია Aqualia GWP-ის 225 მილიონ დოლარად შეიძენს. გარიგების პირველი ნაწილი კომპანიის 80%-ის 180 მილიონ დოლარად გაყიდვას გულისხმობს, დარჩენილი 20%-ის გაყიდვა კი 2025-2026 წლებში ოფციის მეშვეობით მოხდება. შეთანხმების მთლიანი ღირებულება 225 მილიონია.
● 2022 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში 10 წელზე ხანგრძლივი სავალუტო იპოთეკების გაცემა აიკრძალება - 2021 წლის დეკემბერში ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება სავალუტო იპოთეკური კრედიტების გაცემის წესები შეიცვალოს. ხვალიდან მსგავსი სესხების ხანგრძლივობა მაქსიმუმ 10 წელი იქნება. ასევე შეიცვალა ბანკებისთვის სავალუტო ბუფერების დათვლის წესიც და ბანკებს, რომელთა კრედიტებიც უფრო მეტად დოლარიზებული უფრო მეტი თანხების დარეზერვება მოუწევთ. ეს ცვლილებები გავლენას მოახდენს, როგორც საფინანსო, ასევე უძრავი ქონების ბაზრებზეც.