მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები

644e3960eadd7
შოთა ტყეშელაშვილი
30.04.23 13:41
2411
გასული კვირის (24-30 აპრილის) მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები

1) პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 7.2%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.2 პროცენტით განისაზღვრა.
2023 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკის და უძრავი ქონების სექტორებში. მარტში კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 11.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 9.2%-ით მეტია. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

2) პირველ კვარტალში საქართველომ ტურიზმიდან 795 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $795 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ მეტია. ეროვნული ბანკის შეფასებით, ტურიზმის შემოსავლებში პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა, საიდანაც მიღებულმა დანახარჯებმა პირველ კვარტალში 266 მილიონი შეადგინა. ამასთან, სებ-ი განმარტავს, რომ მათ ტურიზმის დანახარჯების შეფასებისას მხედველობაში არ მიიღეს რუსეთის იმ მოქალაქეთა ხარჯები, რომლებიც ქვეყანაში 1 წელზე მეტი ხნით გეგმავენ დარჩენას (ასეთია რუსეთის მოქალაქეთა 35%). ტურიზმის დანახარჯებში მეორე ადგილზეა თურქეთი, საიდანაც მიღებულმა შემოსავალმა 96 მილიონი ლარი შეადგინა. მესამე პოზიციას კი 56 მილიონით უკრაინა იკავებს. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

3) ერთი დოლარის ღირებულება 2.50 ლარს ჩამოსცდა

2018 წლის აგვისტოს შემდეგ პირველად ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.50 ლარს ჩამოსცდა. არსებული მდგომარეობით კურსი ასე ნაწილდება:

ერთი აშშ დოლარი - 2.4967 ლარი;
ერთი ევრო - 2.7441 ლარი;
ერთი გირვანქა სტერლინგი - 3.1131 ლარი;
ერთი ლირა 0.1283 ლარი.

4) ენერგეტიკის CFD აუქციონებში გამარჯვებულად 24 კომპანია შეირჩა

ენერგეტიკის სექტორის მხარდამჭერი მექანიზმის, CFD სქემის ფარგლებში გამოცხადებულ პირველი ეტაპის აუქციონში გამარჯვებული კომპანიები გამოვლენილია. 22 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით ეკონომიკის სამინისტროში ინვესტორებმა 78 განაცხადი შეიტანეს. აუქციონის კომისიამ გამარჯვებული 24 კომპანია შეარჩია. პირველი ეტაპის სიმძლავრის აუქციონის მიმართ ინვესტორების მხრიდან დაინტერესება ძალიან მაღალი იყო, რადგან ჯამში, მზის, ქარისა და ჰიდროს მიმართულებით სახელმწიფომ აუქციონზე 300 მეგავატი სიმძლავრის პროექტები გამოიტანა, განაცხადები კი სამჯერ მეტ სიმძლავრეზე შევიდა. ეკონომიკის სამინისტრო ამ ეტაპზე გამარჯვებული კომპანიებისა და პროექტების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. ოფიციალურად არც ის არის ცნობილი, რა დაჯდა მედიანური ტარიფი თითოეული ტიპის ელექტროსადგურისთვის. მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ჰიდროელექტროსადგურების შემთხვევაში აუქციონის კომისიამ მედიანური ტარიფი 6,85 ცენტის ოდენობით განსაზღვრა. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

5) ჰაიდელბერგმა საქართველო დატოვა - ცემენტის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიის ქართველმა აქციონერებმა გამოისყიდეს

საქართველოში ცემენტისა და ბეტონის უმსხვილესი მწარმოებლის “ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას” მფლობელთა რიგებში ცვლილებებია. გერმანული ჰოლდინგი Heidelberg Materials-ი ქარხანას ტოვებს. Heidelberg-ის საკუთრებაში არსებული 45%-იანი წილი კომპანიის პარტნიორმა “ცემენტ ინვესტმა” გამოისყიდა. თავის მხრივ, აღნიშნული კომპანიის პარტნიორები ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი; ირაკლი რუხაძის ჰანიველ პარტნერსი და ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილის ოჯახია. “ცემენტ ინვესტი” ჰაიდელბერგის პარტნიორი 2017 წლიდან გახდა, მას შემდეგ კომპანიამ ქარხნის და საწარმოო სიმძლავრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა. უფრო ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში.

6) საქართველოში 62 ათასი რუსი მიგრანტი შემოვიდა, მიგრაციის გამო 2022 წელს მოსახლეობა 1.3%-ით გაიზარდა

2022 წელს საქართველოში დადებითი მიგრაციული სალდო იყო - ეს არ ნიშნავს, რომ უცხოეთიდან საქართველოში უფრო მეტი ქართველი დაბრუნდა, არამედ ამის მიზეზი უცხოელთა საქართველოში მიგრაცია იყო. 2022 წელს საქართველოში 180 ათასი იმიგრანტი შემოვიდა (აქედან 54 ათასი საქართველოს მოქალაქე), ხოლო ქვეყნიდან 125 ათასი პირი ემიგრირდა (აქედან 101 ათასი საქართველოს მოქალაქე იყო). შედეგად, საქართველოს მიგრაციულმა სალდომ, ანუ სხვაობამ ემიგრანტებსა და იმიგრანტებს შორის 54,509 შეადგინა. ასეთი დიდი მიგრაციული სალდო საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში არ ჰქონია. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, 2022 წელს საქართველოს მოსახლეობა გასულ წელს 1.3%-ით გაიზარდა. მიგრანტებს შორის ყველაზე ნეტი - 62 ათასი ადამიანი რუსეთის ფედერაციის მოქლაქე იყო. სრული სტატისტიკა იხილეთ სტატიაში.

7) ქართული ბანკების რეიტინგი წმინდა მოგების მიხედვით

საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2023 წლის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგები სებ-ს უკვე წარუდგინეს. ჯამური მონაცემების მიხედვით, სექტორმა წელს 2 მილიარდის საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 20%-ით მეტია. მიღებული შემოსავლიდან ბანკებმა 588 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს, რაც წლიურად 42%-ით არის გაზრდილი. პირველი კვარტლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ბანკებს შორის ყველაზე დიდი 280 მილიონი ლარის წმინდა მოგება საქართველოს ბანკმა გამოიმუშავა. 210 მილიონი ლარის წმინდა მოგებით მეორე ადგილს თიბისი ბანკი იკავებს. ჯამში სექტორის ორ მთავარ მოთამაშეზე წმინდა მოგების 83% მოდის.

სრულად ბანკების რეიტინგი წმინდა მოგების მიხედვით იხილეთ ბმულზე.

8) საქართველოში 5G ინტერნეტი დაინერგება სილქ როუდ ჯგუფის გეგმა

„სილქ როუდ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა გიორგი რამიშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ „სილქნეტი“ 5G სიხშირის მისაღებად თითქმის მზადაა და უახლოეს მომავალში პილოტური პროექტების დაწყებასაც გეგმავენ.

„ჩვენ ახლა გვაქვს 4.9G, რითაც ახლა ვოპერირებთ, ამას კი, ფაქტობრივად, ძალიან ცოტა აკლია იმ სიჩქარემდე, რასაც 5G ჰქვია. როდესაც მარეგულირებელი ამ სიხშირეებს გაყიდის, თუ ეს კარგი და სწორი წინადადება იქნება, რა თქმა უნდა ჩავერთვებით“, - აცხადებს გიორგი რამიშვილი.

კომპანიის გეგმას უფრო ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიაში.

9) მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსში საქართველო 40 ქულით დაწინაურდა

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ლოგისტიკის ინდექსში (Logistics Performance Index-LPI) საქართველოს პოზიცია 40 საფეხურით გაუმჯობესდა. 2023 წლის ინდექსში ქვეყანამ 119-ე ადგილიდან 79-ე ადგილზე გადაინაცვლა. აღნიშნული ინდექსი 2018 წლის შემდეგ პანდემიის გამო არ გამოქვეყნებულა. ლოგისტიკის ინდექსის 2023 წლის მონაცემებით, საქართველოს აქვს 2.7 ქულა. ლოგისტიკის ინდექსი მსოფლიო ბანკმა შეიმუშავა, რათა დაეხმაროს ქვეყნებს, გამოავლინონ გამოწვევები და შესაძლებლობები საერთაშორისო სავაჭრო ლოგისტიკის სფეროში. მასში პირველ ადგილს სინგაპური იკავებს, რომელიც გლობალური ვაჭრობის ერთ-ერთი მთავარი ცენტრია. მეორე ადგილზეა ფინეთი, მესამე ადგილს კი ერთდროულად რამდენიმე ქვეყანა დანია, გერმანია, ნიდერლანდები და შვეიცარია იკავებენ. ინდექსის სრული შედეგები იხილეთ ბმულზე.

10) მთავრობამ ონკოლოგიური დაავადადებების მქონე ბავშვების მკურნალობის დაფინანსების პროგრამა დაანონსა

„მე დავავალე ჯანდაცვის მინისტრს და დავიწყეთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობა - საქართველოში მცხოვრები ონკოლოგიური დაავადების მქონდე 300-მდე ბავშვის მკურნალობა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ბავშვების მკურნალობისთვის ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარის ოდენობის თანხაა გამოყოფილი, რაც ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის, ცხოვრებისა და მგზავრობის ხარჯებს სრულად აანაზღაურებს. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები