მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსში საქართველო 40 ქულით დაწინაურდა

6447814051b6e
შოთა ტყეშელაშვილი
25.04.23 11:45
1223
მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ლოგისტიკის ინდექსში (Logistics Performance Index-LPI) საქართველოს პოზიცია 40 საფეხურით გაუმჯობესდა. 2023 წლის ინდექსში ქვეყანამ 119-ე ადგილიდან 79-ე ადგილზე გადაინაცვლა. აღნიშნული ინდექსი 2018 წლის შემდეგ პანდემიის გამო არ გამოქვეყნებულა. ლოგისტიკის ინდექსის 2023 წლის მონაცემებით, საქართველოს აქვს 2.7 ქულა.

ლოგისტიკის ინდექსი მსოფლიო ბანკმა შეიმუშავა, რათა დაეხმაროს ქვეყნებს, გამოავლინონ გამოწვევები და შესაძლებლობები საერთაშორისო სავაჭრო ლოგისტიკის სფეროში. მასში პირველ ადგილს სინგაპური იკავებს, რომელიც გლობალური ვაჭრობის ერთ-ერთი მთავარი ცენტრია. მეორე ადგილზეა ფინეთი, მესამე ადგილს კი ერთდროულად რამდენიმე ქვეყანა დანია, გერმანია, ნიდერლანდები და შვეიცარია იკავებენ.

საქართველოს შედეგები 2023 წლის ინდექსში ასე ნაწილდება:

● ლოგისტიკის ინდექსი - 2.7 ქულა, წინა შედეგი 2.44 ქულა;
● საბაჟო ეფექტიანობა - 2.6 ქულა, წინა შედეგი 2.42 ქულა;
● ინფრასტრუქტურის ეფექტიანობა - 2.3 ქულა, წინა შედეგი 2.38 ქულა;
● საერთაშორისო გადაზიდვების ქულა - 2.7 ქულა, წინა შედეგი 2.38 ქულა;
● ლოგისტიკის კომპეტენციისა და ხარისხის ქულა - 2.6 ქულა, წინა შედეგი 2.26 ქულა;
● დროში ტვირთის დროულად მიწოდების მაჩვენებელი - 3.1 ქულა, წინა შედეგი 2.95 ქულა;
● გადაზიდვის მიკვლევადობისა და თვალყურის დევნების შესაძლებლობის მაჩვენებელი - 2.8 ქულა, წინა შედეგი 2.26 ქულა.

მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, საქართველოს პოზიცია გაუმჯობესებულია ინდექსის ყველა კრიტერიუმში, გარდა ინფრასტრუქტურის ეფექტიანობისა.

მსოფლიო ბანკის ინდექსი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ლოგისტიკური ბაზრის მონაწილეების გამოკითხვის მიხედვითაა შედგენილი. შეფასება ხდება 6 სხვადასხვა კრიტერიუმით. მათ შორისაა: ლოგისტიკასთან და ტრანსპორტთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ეფექტურობა; კონკურენტუნარიანი ფასების მქონე საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზების სიმარტივე; ლოგისტიკური მომსახურების ხარისხი და კომპეტენცია; გადაზიდვის მიკვლევადობისა და თვალყურის დევნების შესაძლებლობა და დაგეგმილ დროში ტვირთის დროულად მიწოდების მაჩვენებელი.

ინდექსში რეგიონის ქვეყნების შედეგები ასე ნაწილდება:

თურქეთი - 38-ე ადგილი;
რუსეთი - 88-ე ადგილი;
აზერბაიჯანი - (ინდექსში არ მონაწილეობს);
სომხეთი - 97-ე ადგილი;
უკრაინა - 79-ე ადგილი;
საქართველო - 79-ე ადგილი.

ლოგისტისკის ინდექსს საქართველოს შემთხვევაში არ ახლავს ტექსტური განმარტება, სადაც უფრო ვრცლად იქნებოდა ჩამოყალიბებული თუ რა არის საქართველოს ლოგისტიკის სექტორის ძლიერი და სუსტი მხარეები. ტექსტური განმარტების არარსებობის გამო, ასევე უცნობია ზუსტად რა ჩაითვალა ინდექსის ფარგლებში საქართველოს მხრიდან ინდექსში წინსვლის უშუალო მიზეზებად - იყო ეს კონკრეტული რეფორმები, კერძო სექტორის ეფექტიანობის ზრდა თუ კიდევ სხვა ფაქტორები.