მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს Galt&Taggart-ი ტურიზმის 80-85%-ით აღდგენას პროგნოზირებს - სამყურაშვილი

61cdc7490baea
მარიამ ვარადაშვილი
30.12.21 21:25
1196

2022 წელს Galt&Taggart-ი ტურიზმის 80-85%-ით აღდგენას პროგნოზირებს, კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის და ვაქცინაციის დაჩქარების შემთხვევაში კი არ გამორიცხავს, რომ სექტორი 100%-ით აღდგეს 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებით. ამის შესახებ BMG-ის Galt&Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, კახა სამყურაშვილმა განუცხადა.

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში ვიზიტების რაოდენობამ 1 560 479 შეადგინა, რაც 78%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე. რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, მიმდინარე წლის 11 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 37% აღდგა 2019 წლის მაჩვენებელზე. საერთაშორისო ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლების კუთხით ყველაზე შემოსავლიანი ივლისი იყო, როცა შემოსავლების რაოდენობამ 205 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

“2021 წელს Galt&Taggart-ი ტურიზმის სექტორის 36%-იან აღდგენას პროგნოზირებდა და რეალობა საკმაოდ ახლოსაა აღნიშნულ მაჩვენებელთან. 2021 წლის 11 თვის მონაცემებით ტურიზმის სექტორიდან მიღებული შემოსავლები 37%-ით აღდგა 2019 წელთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2019 წლის მაჩვენებელს, საგულისხმოა ის, რომ წლის მეორე ნახევარში აღდგენა 50-55%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლისთვის ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

2022 წელს კი Galt&Taggart-ი ტურიზმის 80-85%-ით აღდგენას პროგნოზირებს, თუმცა კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის და ვაქცინაციის დაჩქარების შემთხვევაში არ გამოვრიცხავთ სექტორის 100%-ით აღდგენას 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებით. 2022 წელს მნიშვნელოვანი იქნება მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტების შემოდინების აღდგენა, რადგან 2021 წლის უმეტესი დროის განმავლობაში საზღვრები ჩაკეტილი იყო და წლის მეორე ნახევარშიც მოქმედებდა გარკვეული შეზღუდვები. ასევე აღსანიშნავია ბოლო თვეებში საგრძნობლად გაზრდილი ნაკადები უკრაინიდან, ბელარუსიდან, საუდის არაბეთიდან და უზბეკეთიდან. მსგავსი ახალი ბაზრების ათვისება განაპირობებს იმას თუ რამდენად გადააჭარბებს რეალობა არსებულ მოლოდინებს”, - აცხადებს სამყურაშვილი.

Galt&Taggart-ის წარმომადგენელი ასევე ამბობს, რომ 2022 წელს ტურიზმის აღდგენის პროგნოზი გლობალური ტურიზმის ბაზარზე არსებულ რეალობას ეფუძნება. სამყურაშვილი მიიჩნევს, რომ ტურიზმის მიმართულებით გადამწყვეტი მაინც ვაქცინაციის ტემპი და ეპიდვითარება იქნება.

“ვფიქრობთ, რომ წლის დასაწყისი შესაძლოა საკმაოდ რთული იყოს, რადგან იანვარ-თებერვალში ომიკრონით ინფიცირების მატებაა მოსალოდნელი. უნდა აღინიშნოს რომ ეს პერიოდი ტურისტული თვალსაზრისით ნაკლებად დატვირთულია. უკვე გაზაფხულიდან, განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში ვფიქრობთ, რომ სრულად იქნება აღდგენილი, რადგან მოლოდინია, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კარგი იქნება. მესამე კვარტალში 50-55%-იანი აღდგენა იყო. ეს რამდენიმე ქვეყნის ხარჯზე მოხდა, მაშინ, როცა მეზობელი ქვეყნებიდან შემოდინება თითქმის არ იყო. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი მომავალი წლისთვის დიდი ოპტიმიზმის საფუძველს აჩენს. მაგალითად ვიზიტორების რაოდენობამ საუდის არაბეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან 2019 წლის მაჩვენებლებსაც მნიშვნელოვნად გადააჭარბა. ვფიქრობთ, ეს რიცხვი მომდევნო წელს კიდევ უფრო გაიზრდება. ეს არის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იმის, თუ რატომ არ გამოვრიცხავთ, რომ მომავალ წელს, შესაძლოა ტურიზმის უკეთესი აღდგენა გვქონდეს”, - აცხადებს სამყურაშვილი.

რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ ვიზიტორებს, საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ მათი შემოსვლა ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელზე იქნება დამოკიდებული.

“ევროკავშირის ქვეყნიდან შემოსული ვიზიტორი მოგზაურობას სწრაფად არ გეგმავს და ისეთ ქვეყანაში არ მიდის, სადაც ვაქცინაციის ტემპი დაბალია, ხოლო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ცუდი. შესაბამისად, იმისთვის, რომ ამ ქვეყნებიდან ვიზიტორები კვლავ დავაბრუნოთ, საქართველოსთვის საუკეთესო მარკეტინგი შეიძლება იყოს კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და რაც შეიძლება მეტი აცრილი ადამიანი. ამ მიმართულებით ახლა პრობლემები ცალსახაა და არ გვიჭირავს კარგი პოზიცია ტურიზმის კონკურენტულ ბაზარზე”, - ამბობს სამყურაშვილი.