მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6,9%-იან ეკონომიკურ ზრდას ვპროგნოზირებთ - G&T-ის ეკონომისტი

63fdf3901e5ad
ელენე გოგბერაშვილი
28.02.23 16:37
930
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, იანვარში საქართველოს ეკონომიკა 8,4%-ით გაიზარდა. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაში წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები. ამასთან, კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, პროფესიული, სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობებისა და ენერგეტიკის სექტორებში.

აღსანიშნია, რომ იანვარში ქვეყანაში 6 461 ახალი საწარმო დარეგისტრირდა. 18,2%-ით გაიზარდა დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა და 10 მილიარდს გადააჭარბა.

G&T-ის ეკონომისტის შეფასებით, იანვარში 8,4%-იანი ეკონომიკური ზრდა ნიშნავს იმას, რომ წელი კარგად დაიწყო. თებერვლის ინდიკატორებზე დაყრდნობით ლაშა ქავთარაძე ამბობს, რომ გაზრდილია ალბათობა პროცესები მათ მიერ პროგნოზირებული სცენარის მიხედვით წარიმართოს. 2023 წელს G&T ქვეყანაში საბაზო სცენარით 4,8%-იან ეკონომიკურ ზრდას მოელის. საინვესტიციო ბანკის ოპტიმისტური გათვლებით კი შესაძლოა, წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 6%-ით გაიზარდოს.

“საბაზისო სცენარში ჩვენ ვპროგნოზირებთ 4,8%-იან ეკონომიკურ ზრდას, ხოლო თუ საგარეო შემოდინებების ზრდის ტემპი იქნება განგრძობითი, მაშინ ვფიქრობთ, რომ ოპტიმისტური სცენარისკენ უნდა გადავიხაროთ, რაც არის 6,9%-იანი ეკონომიკური ზრდა 2023 წლისთვის.

თუ იანვრის მონაცემებს დავეყრდნობით და გვაქვს გარკვეული ინდიკატორები ასევე თებერვლისთვის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაზრდილია ალბათობა ჩვენი ოპტიმისტური სცენარის მოხდენის, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ ვინარჩუნებთ საბაზისო სცენარს და 4,8%-იან ეკონომიკურ ზრდას. საბაზისო სცენარის ძირეული გადახედვა განხორციელდება მას შემდეგ, რაც პირველი კვარტლის მონაცემები გვექნება სხვადასხვა მიმართულებით.

მთლიანობაში ვფიქრობთ, რომ საგარეო შემოდინებები ისევ ძლიერი რჩება და ეს არის მაღალი ეკონომიკური აქტივობის განმაპირობებელი, ამ ფონზე ლარის კურსის გამყარება უფრო შესამჩნევია, წლის დასაწყისიდან დღემდე 2,8%-ით არის გამყარებული ლარი დოლარის მიმართ. ის, რომ მაღალია საგარეო შემოდინებები, ეს ხელსაყრელია, რომ სებ-მა რეზერვები კიდევ დააგროვოს. იანვარში სებ-მა 155 მილიონის შესყიდვა განახორციელა და ველოდებით, რომ წლის ბოლომდე რეზერვები კიდევ უფრო გაიზრდება და 5.3 მილიარდის ფარგლებში იქნება“,- აცხადებს ლაშა ქავთარაძე.

G&T-ის ეკონომისტის თქმით, მათი შეფასებით გასულ წელს მიგრანტების ეფექტი ეკონომიკურ ზრდაში 2-3 პროცენტული პუნქტი იყო. წელს ეს გავლენა ვერ იქნება ასეთივე ძლიერი, თუმცა მშპ-ის ზრდაზე გავლენა ექნება.

„ჩვენი შეფასებით, მიგრაციის ეფექტი გასულ წელს 2-3 პროცენტული პუნქტი იყო, ეს პირდაპირი ეფექტია, ამასთან ერთად აღსანიშნია არაპირდაპირი ეფექტებიც. წელს ეს ეფექტი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ისეთი ძლიერი, რაც გასულ წელს იყო, თუმცა საკმაოდ სოლიდური რჩება. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ საგარეო შემოდინებების ეს ტემპი გაგრძელდა და ჩვენ გავედით ოპტიმისტურ სცენარზე, დაახლოებით 1-1,5% პროცენტული პუნქტის ფარგლებში იქნება მიგრაციის ეფექტი ეკონომიკურ ზრდაში“,- აცხადებს ლაშა ქავთარაძე.

მისივე თქმით, G&T-ის საბაზისო სცენარში ტურიზმის 15%-იან ზრდაა პროგნოზირებული, „რაც ნიშნავს, რომ წელს შემოსავლები 4 მლრდ დოლარს მიაღწევს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები