მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს მობილურმა ოპერატორებმა 702 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს - ComCom

647745f681b8a
მარიამ ვარადაშვილი
01.06.23 09:33
531
კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 2021 წელთან შედარებით, 70.6 ათასით გაიზარდა და 1.08 მილიონი შეადგინა. 

ფიზიკური პირი აბონენტების ყველაზე დიდი ოდენობა - 497 ათასი - “მაგთიკომს” ჰყავს, 308 ათასი - “სილქნეტს”, ხოლო “ახალი ჯგუფის ქსელებს”, ისევე როგორც “სქაიტელს” - 60 ათასი. 104 ათასი აბონენტი კი, სხვადასხვა მცირე და საშუალო კომპანიებზე ნაწილდება.

გასულ წელს ასევე გაიზარდა მობილური მომსახურების აბონენტების რაოდენობა და 5.8 მილიონს გადააჭარბა. ზრდა ფიქსირდება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი აბონენტების შემთხვევაში. მობილური მომსახურების აბონენტების რაოდენობა ასე გადანაწილდა: ფიზიკური - 4,46 მლნ; იურიდიული - 1,38 მლნ.

მობილური მომსახურების ყველაზე მეტი აბონენტი „მაგთიკომს“ ჰყავს. მობილური ოპერატორების საბაზრო წილი აბონენტების რაოდენობის მიხედვით 2022 წლის ბოლოსთვის, 2021 წელთან შედარებით არ შეცვლილა და ასე განაწილდა: „მაგთიკომი“ - 42%, „სილქნეტი“ - 33%, ხოლო “სელფი“ - 25%.

2022 წელს მობილური ოპერატორების საცალო შემოსავალმა 702 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2021 წელს მიღებულ შემოსავალზე 26%-ით მეტია. კომპანიების მიხედვით შემოსავლები ასე გადანაწილდა: მაგთიკომი - 349 მლნ ლარი; 240 მლნ ლარი; "სელფი" - 113 მლნ ლარი. 

საცალო შემოსავლებში „მაგთიკომის“ საბაზრო წილი 50%, „სილქნეტის“ - 34%, ხოლო “სელფის“ - 16%-ია. 2022 წელს მობილური მომსახურებიდან შემოსავლების 78% ფიზიკურმა პირებმა დააგენერირეს, ხოლო 22% - იურიდიულმა პირებმა. ფიზიკური პირების შემოსავლები, იურიდიული პირი აბონენტების შემოსავლებთან შედარებით, უფრო მეტად მზარდია.

“შემოსავლებისა და აბონენტების მიხედვით საბაზრო წილების განსხვავებული გადანაწილება კომპანიებს შორის, იმაზე მიუთითებს, რომ „მაგთიკომის“ აბონენტები საშუალოდ, უფრო მეტ თანხას იხდიან მობილურ მომსახურებებში, ვიდრე „ბილაინის“ მომხმარებლები, ხოლო „სილქნეტის“ შემთხვევაში, აბონენტებისა და შემოსავლის წილები თითქმის თანაბარია, რაც ნიშნავს იმას, რომ „სილქნეტის“ აბონენტები საშუალოდ, „ბილაინის“ აბონენტებზე მეტს, მაგრამ „მაგთიკომის“ აბონენტებზე ნაკლებს იხდიან”,-წერია ანგარიშში.

რაც შეეხება მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობას, ყოველ წელს მნიშვნელოვნად იზრდება. 2018 წლიდან 2022 წლამდე მობილური ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობის წლიურმა ზრდამ 8,6% შეადგინა. 2022 წლის ბოლოსთვის, მობილური ინტერნეტ მომსახურებით 4,1 მლნ აბონენტი სარგებლობდა, რაც აბონენტების მთლიანი რაოდენობის 70%-ს შეადგენდა.