მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს საქართველოში რუსეთის 62 ათასი მოქალაქე ემიგრირდა

644a267f7c0dc
შოთა ტყეშელაშვილი
27.04.23 11:40
926
2022 წელს საქართველოში დადებითი მიგრაციული სალდო იყო - ეს არ ნიშნავს, რომ უცხოეთიდან საქართველოში უფრო მეტი ქართველი დაბრუნდა, არამედ ამის მიზეზი უცხოელთა საქართველოში მიგრაცია იყო. 2022 წელს საქართველოში 180 ათასი იმიგრანტი შემოვიდა (აქედან 54 ათასი საქართველოს მოქალაქე), ხოლო ქვეყნიდან 125 ათასი პირი ემიგრირდა (აქედან 101 ათასი საქართველოს მოქალაქე იყო).

შედეგად, საქართველოს მიგრაციულმა სალდომ, ანუ სხვაობამ ემიგრანტებსა და იმიგრანტებს შორის 54,509 შეადგინა. ასეთი დიდი მიგრაციული სალდო საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში არ ჰქონია. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, 2022 წელს საქართველოს მოსახლეობა გასულ წელს 1.3%-ით გაიზარდა.

მოქალაქეობის მიხედვით, იმიგრანტების სტატისტიკა ასეთი იყო:

1. რუსეთის ფედერაცია - 62,304 ადამიანი;
2. საქართველო - 54,405 ადამიანი;
3. უკრაინა - 20,716 ადამიანი;
4. ბელარუსი - 13,361 ადამიანი;
5. ინდოეთი - 3,948 ადამიანი.

ოფიციალური მეთოდოლოგიის მიხედვით, ვინ ითვლება ემიგრანტად?

ემიგრანტი არის პირი, რომელმაც დატოვა საქართველო და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე გასვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ხოლო საქართველო იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას ქვეყნიდან გასვლამდე წინა 12 თვეში საქართველოში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე.

მეთოდოლოგიის მიხედვით, ვინ ითვლება იმიგრანტად?

პირი, რომელმაც გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე შემოსვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველო არ იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას საქართველოს საზღვრებს გარეთ წინა 12 თვეში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე).

შესაბამისად, ემიგრანტების სტატისტიკაში მოხვედრა შეუძლია საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირს, თუკი იგი ქვეყანას დატოვებს წლის განმავლობაში არანაკლებ 6 თვის განმავლობაში.

ანალოგიურად, იმიგრანტების სტატისტიკაში მოხვედრა შეუძლიათ როგორც უცხოეთის, ასევე საქართველოს მოქალაქეებს თუკი ისინი მუდმივად უცხოეთში ცხოვრების შემდეგ საქართველოში 6 თვეზე მეტი ხნით შემოვლენ.

შესაბამისად, პირი შეიძლება ერთი წლის განმავლობაში აღრიცხული იყოს როგორც იმიგრანტი, ხოლო მეორე წელს ემიგრანტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები