მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წლიდან შენობების ენერგოეფექტიანობა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა უნდა შეაფასონ

60cdb3c640dc9
ანუკა ჯოხაძე
19.06.21 14:07
903
შენობების ენერგოეფექტიანობის კანონის მიხედვით, რომელიც პარლამენტმა 2020 წლის მაისში მიიღო, 2022 წლის 1 იანვრამდე შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირების წესი უნდა დამტკიცდეს. ამასთან, სამინისტრომ შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების რეესტრისა და დამოუკიდებელი ექსპერტების შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებაც უნდა უზრუნველყოს.
 
იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წლის 30 ივნისამდე აღნიშნული კანონის ორი კანონქვემდებარე აქტი ერთი წლით გადავადდება, BM.GE დაინტერესდა, რა ეტაპზეა შენობების დამოუკიდებელი ექსპერტების, ენერგომენეჯერებისა და აუდიტორების გადამზადება, რომლებმაც შესაბამისი ობიექტების ენერგოეფექტიანობა უნდა დათვალონ.
 
როგორც ენერგეტიკოსი გია არაბიძე ამბობს, ამ ეტაპზე შესაბამისი კადრებისთვისთვის კონკრეტული პროგრამების შემუშავება მიმდინარეობს, რომლის მიხედვითაც დამოუკიდებელი ექსპერტების გადამზადება უნდა დაიწყოს. მისი თქმით, პროცესები პანდემიამ შეაფერხა, თუმცა არაბიძის თქმით, უკვე მზადაა პროგრამის ჩარჩო.

“პანდემიის გათვალისწინებით, ამ საკითხებზე ჩამორჩენა გვაქვს, ტექნიკურმა უნივერსიტეტმა თავის თავზე გარკვეული ფუნქციები აიღო და პროგრამები უკვე მუშავდება, რითიც კადრები უნდა მომზადდეს. დღეისათვის პროგრამის ჩარჩო უკვე გამოვკვეთეთ, რაც გულისხმობს იმას, თუ რა უნდა ვასწავლოთ და რამდენს უნდა ვასწავლოთ. ასევე გვაქვს საუბარი შეფასების სისტემაზე, იმაზე თუ ვინ რამდენი ქულა უნდა დააგროვოს, რომ მიიღოს შესაბამისი სერტიფიკატი. შემდეგ უკვე არის სამსჯელო ვინ შეიძლება მოვიდეს ამ კურსებზე, სჭირდება თუ არა რაიმე გამოცდილება ან კონკრეტული მიმართულების დიპლომი", - აცხადებს ენერგეტიკოსი გია არაბიძე.

ცნობისთვის, იმის შესახებ, რომ შენობების ენერგოეფექტიანობა კონკრეტულ კადრებს უნდა დაეთვალათ, ჯერ კიდევ 2018 წელს მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე საუბრობდა. როგორც ის 3 წლის წინ ამბობდა, შესაბამისი კადრების გადამზადების პროცესი უკვე დაწყებული იყო. თუმცა როგორც ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილია, ჯერ მხოლოდ პროგრამის ჩარჩო პროექტია მზად, რომლის მიხედვითაც იმ კადრების გადამზადება უნდა მოხდეს, ვინც შემდგომ კონკრეტული ობიექტების ენერგოეფექტიანობას დათვლის.