მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა იქნება

636b87da3d6a0
ვიქტორია მღებრიშვილი
09.11.22 15:06
659
საქართველო, 2023 წელს, ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) თავმჯდომარე ქვეყანა ხდება - ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა-როზაში გამართულ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობს, სადაც ლევან მეხუზლამ ადგილწარმოშობის დასახელებებისა და ღვინის ხარისხთან დაკავშირებულ სავაჭრო ბარიერებზე პრეზენტაცია გამართა, ღვინით ვაჭრობის მარეგულირებელ საკითხებსა და საქართველოს ღვინის ინდუსტრიის პოტენციალზე ისაუბრა.

„2023 წელს, საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. აღნიშნულ ჯგუფში საქართველოს მონაწილეობის ძირითადი მიზანი ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაა, რაც საქართველოს ღვინის ინდუსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჯგუფის თავმჯდომარეობა ყოველწლიურად, თითოეული მონაწილე ქვეყნის მიერ, როტაციის პრინციპით ხორციელდება. მიმდინარე წელს ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია”, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.

ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფი (WWTG) წარმოადგენს ღვინის მწარმოებელი ქვეყნების (არგენტინა, ავსტრალია, კანადა, ჩილე, საქართველო, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, აშშ, ურუგვაი) გაერთიანებას. ორგანიზაციის ძირითადი მიზანია ღვინით ვაჭრობის გამარტივება, ღვინით საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა ინფორმაციის გაზიარებისა და სავაჭრო ბარიერების მოხსნისათვის ერთობლივი ქმედებების განხორციელების გზით.