მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2030 წლისთვის, JPMorgan-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $1 ტრილიონს მიაღწევს - ანალიტიკოსები

63fc70efc62ca
გიორგი არონია
28.02.23 00:40
936

2030 წლისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უდიდესი ბანკის, JPMorgan-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $1 ტრილიონს მიაღწევს, - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. ანალიტიკოსების თქმით, იმ შემთხვევაში თუ ფედერალური რეზერვის მიერ დაწესებული რეფინანსირების განაკვეთი მაღალ ნიშნულზე დიდი ხნის განმავლობაში დარჩება, ბანკი ამ მდგომარეობას მიეჩვევა და სარგებლის მიღებას დაიწყებს, როგორც უშუალოდ საპროცენტო განაკვეთის და საკომისიო გადასახადების, ასევე გაზრდილი ეფექტიანობის ხარჯზე.

ამერიკის კიდევ ერთი მსხვილი ბანკის, Morgan Stanley-ის ანალიტიკოსის, ბეტსი გრასეკის შეფასებით, JPMorgan-ის აქციები რეალურ ღირებულებაზე ნაკლებადაა შეფასებული. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რეფინანსირების განაკვეთი მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება, თორმეტ წელიწადში, JPMorgan-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $1 ტრილიონს მიაღწევს. ანალიტიკოსის შეფასებით, ეს შესაძლებელია რვა წელიწადშიც, თუ ბანკი ეფექტიანობას, შემოსავალს და მოგებიანობას გაზრდის. დღეს, JPMorgan-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $410 მილიონს შეადგენს, თანაც იმ ფონზე, რომ წლის დასაწყისიდან, კომპანიის აქციების ღირებულება 4%-ითაა მომატებული.

სხვათა შორის, ბეტსი გრასეკის ამგვარი ოპტიმიზმი ერთგვარ წინააღმდეგობაში მოდის JPMorgan-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ჯეიმი დაიმონის პროგნოზთან, რომელმაც გასულ კვირას განაცხადა, რომ აშშ-ის ეკონომიკას წინ საშიში ამბები ელის.

იმ შემთხვევაში, თუ ამერიკული ბანკი ტრილიონიან ნიშნულს მართლაც გადააჭარბებს, ის რამდენიმე კომპანიის ელიტარულ კლუბში მოხვდება. ამ ეტაპზე, ტრილიონ დოლარზე მეტად სულ ოთხი კომპანია არის შეფასებული, ესენია Apple-ი, Microsoft-ი, Saudi Aramco და Alphabet-ი. სხვათა შორის, ეს ნიშნული პირველად ჩინურმა ნავთობმომპოვებელმა გიგანტმა გიგანტმა, PetroChina-მ გადაკვეთა, ჯერ კიდევ 2007 წელს.