14.სექტემბერი .2021 18:30

$2.3 მილიარდის 22 ხელშეკრულებიდან მთავრობა "უარს" მხოლოდ "წინაპირობიან" EU-ს სესხს ეუბნება

$2.3 მილიარდის 22 ხელშეკრულებიდან მთავრობა "უარს" მხოლოდ "წინაპირობიან" EU-ს სესხს ეუბნება
views 1528
უკან

31 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო საზოგადოებისთვის გასაკვირად განაცხადა, რომ “უარს ამბობს” ევროკავშირთან 2020 წელს გაფორმებული მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშზე. დახმარების მიღება საქართველოს მიერ სასამართლო რეფორმის განხორციელებაზე იყო მიბმული, თუმცა მთავრობამ რეფორმაზე უარი თქვა, რის გამოც თავად ევროკავშირი აღნიშნულ დახმარებას ამ წინაპირობის შესრულების გარეშე არ გადმორიცხავდა. ამდენად, EU-ს მიერ დახმარების შეჩერებას  მთავრობა არ დაელოდა და ამ დაფინანსებაზე “უარი” წინასწარვე განაცხადა, თან განმარტა, რომ ბიუჯეტს 75 მილიონი ევროს მოზიდვის აუცილებლობა აღარ უდგას.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ კი მკაფიოდ გაუსვა ხაზი, რომ ქვეყანა დაფინანსებას რეფორმის ვალდებულების შესრულების შემთხვევაში მიიღებდა.

“თანხა 2021 წლის 30 სექტემბრამდე უნდა გადმორიცხულიყო იმ შემთხვევაში თუკი საქართველო შეასრულებდა ორმხრივად შეთანხმებულ ვალდებულებებს, რომელიც 2020 წლის სექტემბერში ევროკავშირთან შეთანხმებით აიღო", - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობამ.

მთავრობის მიერ დასახელებული ეკონომიკური მიზეზი, თითქოს დონორისგან დაფინანსების მიღებაზე უარის თქმა ვალის შემცირებას ისახავს მიზნად, არადამაჯერებელია, განსაკუთრებით კი იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პანდემიურ პერიოდში ქვეყანამ 8 დონორ ორგანიზაციათან დაფინანსების მოსაზიდად, ჯამში, 2.3 მილიარდი დოლარის მოცულობის 22 ხელშეკრულება გააფორმა. მათგან კი “უარი განაცხადა” იმ ერთადერთ ხელშეკრულებაზე, რომლის წინაპირობაც სასამართლო რეფორმის განხორციელება იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ მმართველმა პარტიამ 28 ივლისს დატოვა 19 აპრილის “შარლ მიშელის” შეთანხმება, რომლის ძირითადი ნაწილიც სწორედ სასამართლო რეფორმას ეხებოდა. 24 აგვისტოს კი თავად შარლ მიშელი საქართველოს მთავრობას აფრთხილებდა, რომ მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გადმორიცხვის თარიღი ახლოვდებოდა, რისთვისაც საქართველოს რეფორმები უნდა დაეჩქარებინა.

ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარების პირველი ტრანშის საპროცენტო განაკვეთი 0.125% იყო და ის ქვეყანას 15 წლის ვადაში უნდა დაეფარა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშში ასახულია დონორებთან გაფორმებული $2.3 მილიარდის ღირებულების 22 ხელშეკრულება, რომელიც ქვეყანამ პანდემიურ პერიოდში გააფორმა. მათგან "ოცნების" მთავრობამ უარი მხოლოდ ევროკავშირის 75 მილიონზე თქვა.

პანდემიურ პერიოდში დონორ ორგანიზაციებთან გაფორმებული $2.3 მილიარდის 22 შეთანხმება:

1. საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო შეთანხმება „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკისთვის“ (DPO) - 45 მლნ ევრო, მათ შორის უკვე ჩამორიცხული 45 მლნ ევრო;
2. საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის “COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტი“-ს სასესხო შეთანხმება - 73.1 მლნ ევრო, მათ შორის უკვე ჩამორიცხული 60.8 მლნ ევრო;
3. საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს (AIIB) შორის სასესხო შეთანხმება „COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტი“ - 91.3 მლნ ევრო, მათ შორის უკვე ჩამორიცხული 74.7 მლნ ევრო;
4. საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის სასესხო შეთანხმება (სოციალური კეთილდღეობის პროგრამა) - 70 მლნ ევრო, მათ შორის უკვე ჩამორიცხული 70 მლნ ევრო;
5. საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერა) - 120 მლნ ევრო, მათ შორის უკვე ჩამორიცხული 120 მლნ ევრო;
6. საქართველოსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერა) - 90 მლნ ევრო, მათ შორის უკვე ჩამორიცხული 90 მლნ ევრო;
7. საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის სასესხო შეთანხმების (COVID-19-ზე საგანგებო რეაგირებისა და დანახარჯების მხარდამჭერი პროგრამა) - 92.3 მლნ ევრო, მათ შორის უკვე ჩამორიცხული 92.3 მლნ ევრო;
8. საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო შეთანხმება „დამატებითი სესხი ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკისთვის“ (DPO) - 45 მლნ ევრო, მათ შორის უკვე ჩამორიცხული 45 მლნ ევრო;
9. საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს (AIIB) შორის სასესხო შეთანხმება (ეკონომიკური მართვის და კონკურენტუნარინობის პროგრამა: COVID-19-ის კრიზისის შემსუბუქება) - 45 მლნ ევრო, მათ შორის უკვე ჩამორიცხული 45 მლნ ევრო;
10. რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს შორის სასესხო შეთანხმება (პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხი (PBL) „საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისა და კრიზისის მიმართ მდგრადობის გასაძლიერებლად“) - 180 მლნ ევრო, მათ შორის უკვე ჩამორიცხული 180 მლნ ევრო;
11. ევროკავშირს (როგორც სესხის გამცემს), საქართველოს (როგორც სესხის მიმღებს), და საქართველოს ეროვნულ ბანკს (როგორც სესხის მიმღების ფინანსურ აგენტს) შორის „მაკრო-ფინანსური დახმარება საქართველოსთვის IV“ სასესხო შეთანხმება - 150 მლნ ევრო, მათ შორის უკვე ჩამორიცხული 75 მლნ ევრო;
12. საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამა) - 254.2 მლნ ევრო, მათ შორის უკვე ჩამორიცხული 170.8 მლნ ევრო;
13. საქართველოსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის „COVID- 19 პანდემიის კონტექსტში სოციალური უსაფრთხოება“ საგრანტო შეთანხმება - 5.8 მლნ ევრო, მათ შორის უკვე ჩამორიცხული 1.3 მლნ ევრო;
14. გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (EFF) პროგრამის ფარგლებში (COVID-19-ის პანდემია) საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან (IMF) მისაღები სახსრები - 171.8 მლნ ევრო, მათ შორის უკვე ჩამორიცხული 171.8 მლნ ევრო;
15. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ფინანსური შეთანხმება "ფისკალური მდგრადობის პროგრამა" (გრანტი) - 75 მლნ ევრო, მათ შორის უკვე ჩამორიცხული 60 მლნ ევრო;
16. საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (ADB) სასესხო შეთანხმება "თანამედროვე უნარები უკეთესი სამუშაო ადგილებისთვის" - 65.5 მლნ ევრო, მათ შორის უკვე ჩამორიცხული 42.4 მლნ ევრო;
17. საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (ADB) სასესხო შეთანხმება "წყალმომრაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამა" - 115.3 მლნ ევრო, მათ შორის უკვე ჩამორიცხული 70.9 მლნ ევრო;
18. GUMIP ცვლილება და რეპროგრამირება კოვიდ პანდემიის კონტექსტში - 100 მლნ ევრო, მათ შორის უკვე ჩამორიცხული 50 მლნ ევრო;
19. საქართველოსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის „COVID- 19 პანდემიის კონტექსტში სოციალური უსაფრთხოება“ სასესხო შეთანხმება - 15 მლნ ევრო, მათ შორის უკვე ჩამორიცხული 4.1 მლნ ევრო;
20. ევროკავშირს (როგორც სესხის გამცემს), საქართველოს (როგორც სესხის მიმღებს), და საქართველოს ეროვნულ ბანკს (როგორც სესხის მიმღების ფინანსურ აგენტს) შორის „მაკრო-ფინანსური დახმარება საქართველოსთვის III“ სასესხო და საგრანტო შეთანხმება - 28 მლნ ევრო, მათ შორის უკვე ჩამორიცხული 28 მლნ ევრო;
21. საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტი) - 85 მლნ ევრო, მათ შორის უკვე ჩამორიცხული 0 მლნ ევრო;
22. საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო შეთანხმების (COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის დამატებითი დაფინანსება) - 28.7 მლნ ევრო, მათ შორის უკვე ჩამორიცხული 0 მლნ ევრო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა