მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"25 დეპუტატს აქვს სხვადასხვა სახის ბიზნეს ინტერესები" - "დემოკრატიის ინდექსის" მიმოხილვა პარლამენტარებზე

5dd26a48cfd0d
თელარა გელანტია
18.11.19 14:30
1178
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს“ შეფასებით, მმართველი ხელისუფლების მიერ საჯაროდ გაცემული დაპირების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, ისე პარლამენტის თითოეულ წევრს, ვინც ხმა არ მისცა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანი სისტემით ჩატარებას.

როგორც ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაშია ნათქვამი, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლაზე უარის თქმით, ამ სისტემის მოწინააღმდეგეები წინ აღუდგნენ ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებას.

„სხვადასხვა საჯარო წყაროებში ღიად არსებული ინფორმაციის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ დეპუტატების ინტერესი, რომელთაც მხარი არ დაუჭირეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, არის არა საპარლამენტო საქმიანობა და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელება, არამედ პარლამენტის წევრის სტატუსი მათ სჭირდებათ სხვა კერძო, ხშირად საკუთარი ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე.

დეპუტატების უმეტესობას, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, არასოდეს უაქტიურიათ პარლამენტის წევრის რანგში და არ შეუსრულებიათ პარლამენტის წევრის რაიმე ფუნქცია კანონშემოქმედების ან მთავრობაზე კონტროლის განხორციელების კუთხით.

იმ დეპუტატებიდან, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადასვლას:

✅ 25 დეპუტატს აქვს სხვადასხვა სახის ბიზნეს ინტერესები (კახაბერ ოქრიაშვილი, ენზელ მკოიანი, ირაკლი აბუსერიძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ანზორ ბოლქვაძე, გოგა გულორდავა, გოჩა ენუქიძე, ედიშერ თოლორაია, კობა კობალაძე, გიორგი კოპაძე, სამველ მანუკიანი, იოსებ მაკრახიძე, გურამ მაჭარაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, სულხან მახათაძე, რომან მუჩიაშვილი, დიმიტრი მხეიძე, თამაზ ნავერიანი, დავით სონღულაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, ნინო წილოსანი, შოთა ხაბარელი, ირაკლი ხახუბია, ვიქტორ ჯაფარიძე).
✅ 17 დეპუტატს, ფაქტობრივად, არასოდეს წარუდგენია პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა:
✅ 9 დეპუტატის შემთხვევაში, სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ინიცირება იყო ერთადერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მათ ერთი, ორი ან სამი მოწვევის დეპუტატობის მანძილზე წარადგინეს პარლამენტში და რომელსაც შემდეგ თავადვე არ დაუჭირეს მხარი (ენზელ მკოიანი, მუხრან ვახტანგაძე, ედიშერ თოლორაია, გიორგი კოპაძე, იოსებ მაკრახიძე, რომან მუჩიაშვილი, თამაზ ნავერიანი, გოდერძი ჩანქსელიანი, თენგიზ ხუბულური).
✅ ლერი ხაბელოვს არასოდეს უსარგებლია საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით.
✅ ორ-ორი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელთა შორისაა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი (რომელსაც შემდეგ თავადვე არ დაუჭირეს მხარი), ირიცხება 3 დეპუტატის ანგარიშზე (კახაბერ ოქრიაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ირაკლი შიოლაშვილი).
✅ 4 დეპუტატმა საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს ხუთზე ნაკლებ შემთხვევაში მიმართა (ანზორ ბოლქვაძე, შალვა კიკნაველიძე, სამველ მანუკიანი, ირაკლი ხახუბია).
შედარებისთვის, სხვა დეპუტატების აქტიურობა საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენის კუთხით, გაცილებით მაღალია და ზოგჯერ 100 აჭარბებს.
✅ 32 დეპუტატს არცერთხელ მიუმართავს კითხვით მთვარობის, მთავრობის წევრის ან პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოსთვის (დეპუტატის წევრის კითხვა), ხოლო სამმა დეპუტატმა ასეთი უფლებამოსილება ერთხელ ან ორჯერ განახორციელა.
✅ 4 დეპუტატი არის 3, 4 და 5 მოწვევის პარლამენტის წევრი, რომლებიც თავდაპირველად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ იყვნენ პარლამენტში, ხოლო ამჟამად „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში არიან (კახაბერ ოქრიაშვილი, ენზელ მკოიანი, ანზორ ბოლქვაძე, გოჩა ენუქიძე). ერთი დეპუტატი, რომელიც 3 მოწვევის პარლამენტის წევრია, თავდაპირველად იყო რესპუბლიკური პარტიის წევრი, ხოლო, ამჟამად არის პარტია ქართული ოცნების დეპუტატი (კარლო კოპალიანი)“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ დარწმუნებულია, რომ მაჟორიტარი დეპუტატების ე.წ. ამბოხი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგ, არ შეესაბამება სიმართლეს.

„მოვუწოდებთ მმართველ ხელისუფლებას, შეასრულოს დაპირება, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობის ფასად, ხანგრძლივი და სამართლიანი საზოგადოებრივი მოთხოვნის შედეგად მოპოვებული პერსპექტივა იყო და მიიღოს გადაწყვეტილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ისეთი საარჩევნო სისტემით ჩატარების შესახებ, რომელიც კანდიდატების მიერ მიღებული ხმების სამართლიან განაწილებას უზრუნველყოფს“, - ამბობენ ორგანიზაციაში.