საქმეთა გაჭიანურება სასამართლო სისტემაში კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს ახალი კვლევით გამოიკვეთა, რომ მოსამართლეთა ნაკლებობა არ არის საქმეთა გაჭიანურების ერთადერთი ან გადამწყვეტი მიზეზი. პროფესიული წრეების გამოკითხვით დასტურდება, რომ გასულ წლებში სასამართლოს მენეჯმენტის ერთიანი სისტემის შექმნამ საქმეთა გაჭიანურების პრობლემის დაძლევის მიმართულებით წინსვლა ვერ გამოიწვია.
„ამ პრობლემას აღრმავებს მართვის არაეფექტურობა, მოძველებული საპროცესო კანონმდებლობა, არათანამედროვე ნორმები. სწორედ ამიტომ, ისეთივე დატვირთვით უცხოელი მოსამართლე, როგორც დღეს ჩვენთან არიან და უფრო მეტი დატვირთვითაც უკეთ უმკლავდება საქმეთა ნაკადს. ჩვენს სისტემაში მოსამართლე არის რაღაცნაირად ცალკე დარჩენილი, ერთიანი პოლიტიკის არარსებობის პირობებში და მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით, საკუთარი უნარ-ჩვევებით ცდილობს გაართვას თავი საქმეთა ნაკადს თანამედროვე მიღწევების, ტექნოლოგიების და მხარდაჭერის გარეშე. ეს იყო ძირითადად კვლევის სათქმელი“,- აცხადებს „საქმის კურსთან“ ინტერვიუში კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ყოფილი მოსამართლე მაია ბაქრაძე.
მისი თქმით, ამ პრობლემის გადაწყვეტას არამხოლოდ სასამართლოს, არამედ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, პროფესიული საზოგადოების, ადვოკატების და პროკურორების მხრიდან ძალისხმევა და მხარდაჭერა სჭირდება.
„რამდენიმე მიმართულებით უნდა განხორციელდეს ცვლილებები. ამ ეტაპზე ვხედავთ, რომ სასამართლოს მენეჯმენტი საერთოდ არ მუშაობს, არაეფექტიანია. მენეჯმენტის დეპარტამენტი ცალკე სახითაც არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მაგრამ რაც გამოვიკვლიეთ მისი შექმნის შემდეგ ოდნავი წინსვლა არ გვაქვს საქმეთა ნაკადის ეფექტური მართვის მიმართულებით. პირიქით უკუსვლა გვაქვს.
როგორც საპროცესო კანონმდებლობის ცვლილებები, რომ თანამედროვე მიღწევები მოსამართლეებს ჰქონდეთ ხელში და ამ ბერკეტით ისარგებლონ, პროცესების დიგიტალიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაქსიმალურად ადამიანური რესურსის ნაცვლად ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოყენება და მოსამართლის დამხმარე მექანიზმების გაძლიერება. ეს არის კომპლექსური მიდგომა.
მოსამართლეები რა თქმა უნდა უნდა დავამატოთ, მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ თუ მარტო მოსამართლეების დამატებას დავტოვებთ დღის წესრიგში, 1300-1500 მოსამართლე მაინც დასჭირდება ამ საქმეთა ნაკადის დაძლევას, რაც არარეალისტური რიცხვია“,- აცხადებს ბაქრაძე.
მისი თქმით, არ არსებობს არათუ საქმეთა ნაკადის ეფექტიანი მართვის ერთიანი პოლიტიკა, ასევე არ არსებობს საკანონმდებლო მექანიზმი, რომელიც ფიზიკურ პირს, თუ ბიზნესს შესაძლებლობას მისცემს პროცესი დააჩქაროს. ასევე არ არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, როგორ აუნაზღაურებს სახელმწიფო მას ზიანს იმ დარღვევის გამო, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მისი საქმის დროული განხილვა.
„სამოქალაქო დავების გაჭიანურება მნიშვნელოვანი ფაქტორია არამხოლოდ მართლმსაჯულებისთვის, არამედ ეკონომიკური წინსვლისთვის. მკვლევარები საუბრობენ, რომ ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას აუცილებლად სჭირდება სწრაფი და ეფექტიანი საქმის განხილვის მექანიზმი. ეს აუცილებელია ბიზნესისთვის, აუცილებელია ბიუჯეტის გაზრდისთვის.
გამოიკვეთა, რომ არ არსებობს საკანონმდებლო მექანიზმი, რომელიც მხარეს, ბიზნესის წარმომადგენელს, მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, რომ დააჩქაროს თავის პროცესი, ან თუ შეყოვნდა ეს პროცესი იმ სახით, რომ ზიანი მიადგა, არ არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, როგორ აუნაზღაურებს სახელმწიფო მას ზიანს, იმ დარღვევის გამო, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მისი საქმის დროული განხილვა. 2021 წელს ევროპის ადამიანის უფლების სასამართლომ ამ გარემოების გამო დაუდგინა დარღვევა საქართველოს და პირდაპირ აღნიშნულია, რომ ქვეყანას არ აქვს საკანონმდებლო სამართლებრივი დაცვის საშუალება მოქალაქეებისთვის იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვის გაჭიანურება ხდება.
განსაკუთრებით ეს აღმოჩნდა მტკივნეული ბიზნესის სფეროში მოღვაწე ადვოკატებისთვის. შესაძლებელია ითქვას, რომ ამან შესაძლებელია გამოიწვიოს მასობრივი ბიზნესის გადინება იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესს არ ექნება გარემო მდგრადი, სადაც მათი დავები დროულად განიხილება“,-აცხადებს ბაქრაძე.
კვლევის მიხედვით, სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების მასშტაბურობა ძირითადად განპირობებულია ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა გაჭიანურებით პირველი ინსტანციის სასამართლოებში. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვის სავარაუდო საშუალო ხანგრძლივობა წლების განმავლობაში ზრდადია - 2018-იდან 2020 წლამდე 1,5-2 ჯერ გაიზარდა და 400 დღეს გადააჭარბა.
ამასთან, 2021-2022 წლებში სამოქალაქო საქმეთა განხილვის ხანგრძლივობა მცირდება, ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვის ხანგრძლივობა კი კვლავ ზრდადია. პირველი და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვის სავარაუდო ხანგრძლივობა ბევრად აღემატება, ხოლო სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში უახლოვდება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს.