სასამართლო დავების განხილვის გაჭიანურება რომ აქტუალური პრობლემაა, ამაზე კერძო სექტორი დიდი ხანია, საუბრობს. BMG-სთან ინტერვიუში იურისტები აღნიშნავენ, რომ მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობის გამო საქმეთა გონივრულ ვადაში განხილვა ვერ ხერხდება. თუმცა ორგანიზაცია “დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს” კვლევის თანახმად, მოსამართლეთა რაოდენობის ზრდა აღნიშნული პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა არ არის.
კვლევის მიგნებებს და რეკომენდაციებზე BMGTV-ის ეთერში “დემოკრატიის ინდექსი საქართველოს” თავმჯდომარე, ეკა ციმაკურიძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გაჭიანურებული დავების პრობლემა ყველასთვის აქტუალურია.
“რეალურად, საქართველოს არასდროს ჰქონია ისეთი ეფექტიანი სასამართლო, რომელშიც საქმეები გონივრულ ვადაში იქნებოდა განხილული - ეს პრობლემა მუდმივად იდგა და ყველა ჯგუფს აწუხებდა.
აქამდე ცნობილი იყო, რომ მოსამართლეთა რაოდენობა არასაკმარისია და ეს იწვევს საქმეების განხილვის გაჭიანურებას. კვლევით აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს ამისათვის და მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა გამოსავალი არ არის. მეტიც, ეს უნდა იყოს ბოლო ინსტრუმენტი, რასაც გამოიყენებდა სასამართლო სისტემა იმისთვის, რომ საქმეთა განხილვები დაეჩქარებინა”, - აღნიშნავს ეკა ციმაკურიძე.
მისი განმარტებით, სასამართლო დავების განხილვისთვის არსებობს ევროპული სტანდარტები და საქართველომ, როგორც ევროსაბჭოს წევრმა ქვეყანამ, მსგავსი მიდგომები უნდა დანერგოს.
“ევროპული სტანდარტი არის არა უბრალოდ საქმეთა დროული განხილვა, არამედ საქმეთა დროული განხილვა სასამართლოს ეფექტიანობით - ნაკლები რესურსის დახარჯვით, მეტი საქმის სწრაფი განხილვა - ჩვენი სასამართლო, რა თქმა უნდა, ამ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.
ჩვენ ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა ვართ. ევროსაბჭოს აქვს მექანიზმი, მთელი რიგი კომპლექსური მეთოდოლოგიები და მიდგომები აქვთ შემუშავებული, რომლებსაც ძალიან კარგად იყენებენ ევროპის განვითარებული სახელმწიფოები და მათთან სასამართლოს ეფექტიანობა უფრო მაღალია”, - განმარტავს ციმაკურიძე.
იგი აღნიშნავს, რომ საქართველოს ამ დინამიკურ პროცესში ჩართვა შესაძლებელია და ამას მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნები ამ კუთხით მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს.