მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„25-თეთრიანი მატება არასაყოფაცხოვრებო გაზის შესყიდვის ზრდას ვერ აკომპენსირებს“ - "თბილისი ენერჯი"

629631c4eab91
ვიქტორია მღებრიშვილი
31.05.22 21:30
1487
1 ივლისიდან არასაყოფაცხოვრებო გაზის 25-თეთრიანი გაძვირება, ბუნებრივი აირის შესყიდვის გაზრდილ ღირებულებას ვერ აკომპენსირებს - ამის შესახებ BM.GE-ს „თბილისი ენერჯის“ კომერციულმა დირექტორმა ედიშერ ხორავამ, კომპანიის მიერ კომერციული სექტორისთვის ივლისიდან გაზის გაძვირების ფაქტორებზე საუბრისას განუცხადა.

მისი განმარტებით, ბუნებრივი აირის გაძვირება ყველა სახის ბიზნეს სუბიექტს შეეხება, მათ შორის პურის მწარმოებლებსაც, რომლებზეც გასულ წლებში ეს ცვლილება არ ვრცელდებოდა.

„ბუნებრივი აირის ღირებულება რამდენიმე თვის წინ უკვე გაიზარდა, თუმცა რადგან ზამთარი იყო, ვეცადეთ შესყიდვის ფასის ცვლილება ტარიფზე არ ასახულიყო. 1 ივლისიდან 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესყიდვის ღირებულება 75 დოლარით იზრდება, რაც კომპანიისთვის ძალიან დიდი თანხაა. ეს იმდენად დიდი ზრდაა, რომ კომპანია ამას ფიზიკურად ვერ აიტანდა, ამიტომ იძულებული გავხდით ფასი დაგვეკორექტირებინა. თუმცა ჩვენ საქართველოს მასშტაბით ყველაზე დაბალი ფასი შევინარჩუნეთ. თუ შევხედავთ შესასყიდი ფასის ღირებულებას 1 კუბურ მეტრ გაზზე 25-თეთრიანი მატება, კომპანიისთვის 1000 კუბურ მეტრზე გაზის 75-დოლარიანი გაძვირების დასაკომპენსირებლად საკმარისი არ არის“, - განმარტა ედიშერ ხორავამ.

შეგახსენებთ, თბილისში მოქმედი ბიზნესისთვის 1 ივლისიდან გაზი 25 თეთრი გაძვირდება და ერთ კუბური მეტრი გაზის ღირებულება 1.35 ლარი გახდება, ხოლო რეგიონებში ფასი 23 თეთრით გაიზრდება და კომერციული აბონენტები ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 1.15 ლარის ნაცვლად 1.38 ლარს გადაიხდიან. რეგიონში მოქმედი პურის მწარმოებლები კი 95 თეთრის ნაცვლად, 1.15 ლარს გადაიხდიან.