მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლის პირველი იანვრიდან ბიზნესისთვის გაზის ტარიფი იზრდება

მილსადენი გაზსადენი ბუნევრივი აირი ნავთობისა და გაზის კორპორაცია GOGC

2024 წლის პირველი იანვრიდან თბილისში, ასევე ქვეყნის რეგიონებში არსებული კომერციული აბონენტებისთვის - კერძო და საჯარო იურიდიული პირებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი იზრდება. შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს თბილისისა და რეგიონების გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა "თბილისი ენერჯიმ" და "სოკარ გაზმა."

"სოკარის" განახლებული ტარიფი ასე გამოიყურება:

2024 წლის 1 იანვრიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ კომერციული მომხმარებლისთვის 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,29 ლარით დღგ-ს ჩათვლით. ასევე დღგ-ს ჩათვლით 1.29 ლარით განისაზღვრა "თელავგაზის" ტარიფი კომერციული მომხმარებლისთვის.

1 სექტემბრიდან სამივე კომპანიის კომერციული მომხმარებლებისთვის ტარიფი 1.25 ლარამდე შემცირდა. მაშინ "სოკარის" მომხმარებლისთვის ტარიფის კლება 13 თეთრს შეადგენდა. გაზის ფასი უცვლელი დარჩება იმ პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის, რომლებზეც ვრცელდებოდა ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა.

ასევე უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის დადგენილი.

"თბილისი ენერჯის" განახლებული ტარიფი ასეთია:

"შპს „თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის უმსხვილესი ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტია, რომელიც თითქმის ნახევარ მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება,მათ შორის 20 000-მდე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს.

კომპანიის სალიცენზიო პირობაა მომხმარებელთა უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგება.

გამომდინარე აქედან, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შპს „თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 1.24 (ერთი ლარი და 24 თეთრი)ლარის ნაცვლად განისაზღვრება 1.29 (ერთი ლარი და 29თეთრი) ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ იცვლება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და ტარიფი კვლავ 0.539708 ლარი იქნება ერთ კუბურ მეტრზე", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პურის მწარმოებლებს ტარიფი არ გაეზრდებათ - ეკონომიკის მინისტრი:

"კომერციული სექტორის ტარიფები დაკავშირებულია ნახშირწყალბადების საერთაშორისო ფასებზე და კონკრეტული ფორმულით იანგარიშება, პერიოდულად კომერციული სექტორის გაზის ტარიფის გადახედვა ხდება ხოლმე, იმის მიხედვით, თუ როგორია საბირჟო ფასები. ბოლოს ნავთობპროდუქტებზე ფასები იზრდებოდა და ეს გარკვეულწილად გაზის კომერციულ ტარიფზეც აისახება ხოლმე, აქედან გამომდინარე, მოხდა ამ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება კომერციული სექტორისთვის. რაც შეეხება კონკრეტული სტრატეგიული ობიექტებისთვის პრეფერენცირებული პირობების შენარჩუნებას, ამაზე ყოველთვის გვაქვს დიალოგი ჩვენ პარტნიორთან სოკართან, რომელიც მთავარი მომწოდებელია, ის ითვალისწინებს ამ სექტორის გარკვეულ მნიშვნელობას და განსხვავებული პირობებით სთავაზობს გაზის ტარიფს. ამასთან დაკავშირებით შეთანხმება გვაქვს, რომელიც ძალაში დარჩება, ეს პურის მცხობელი კომპანიებისთვის ზედმეტი წნეხი არ უნდა იყოს. განსხვავებული პირობა პურის საწარმოებისთვის შენარჩუნებული იქნება", - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები