მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გაზის ტარიფის შემცირება ათასობით ლარს დაგვიზოგავს” - “მადამ დე”

ტკბილი

სექტემბრიდან ბუნებრივი აირის საფასური თბილისში, კომერციული მომხმარებლისთვის 11 თეთრით, რეგიონებში კი 13 თეთრით მცირდება. შესაბამისი ცვლილება რეგიონების შემთხვევაში „სოკარ ჯორჯია გაზის“, დედაქალაქში კი "თბილისი ენერჯის" მომხმარებელს შეეხება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა განაცხადეს. 

ბუნებრივი აირის ტარიფის ცვლილებას BMG-სთან ბიზნესწარმომადგენლები აფასებენ. პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო ნაწარმის მწარმოებელი კომპანია „მადამ დე“-ს დირექტორი, ალექსანდრე რატიშვილი ბუნებრივი აირის ტარიფის კლებას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ საწარმოს 11 თეთრიანი შემცირება ათასობით ლარს დაუზოგავს. 

“როდესაც საუბარია, ეკონომიკურ ობიექტებსა და სუბიექტებზე, ვინც გაზს დიდი რაოდენობით მოიხმარს, ეს ცალსახად ეკონომიკურ საქმიანობაზე და შედეგებზე დადებითად აისახება. წლის განმავლობაში ჩვენ დაახლოებით 50 000 ლარამდე გაზის ხარჯი გვაქვს, რაც ნიშნავს, რომ 11 თეთრიანი შემცირება ათასობით ლარს დაგვიზოგავს. ახალს არაფერს ვიტყვი, პროდუქციის თვითღირებულებაში, საქართველოში, სამწუხაროდ, კომუნალურ გადასახადების მდგენელს საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია“, - ამბობს ალექსანდრე რატიშვილი.

შეგახსენებთ, რომ სექტემბრიდან "თბილისი ენერჯის" მომხმარებლებისთვის კომერციული ტარიფი 1,35 თეთრის ნაცვლად, 1,24 თეთრით განისაზღვრება, "სოკარ ჯორჯია გაზის" შემთხვევაში კი ახალი ტარიფი სექტემბრიდან 1,38 თეთრის ნაცვლად 1,25 თეთრი იქნება. ბუნებრივ აირზე არასაყოფაცხოვრებო ტარიფის შემცირების მიზეზი მისი შესასყიდი ღირებულების შემცირებაა. უცვლელი რჩება მოსახლეობისთვის, საყოფაცხოვრებო ტარიფი, რომელიც "სემეკის" მიერაა დადგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები