მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3 საკითხი, რაზეც ანაკლიის პროექტის წარმატებით განხორციელებაა დამოკიდებული - კონსორციუმი

5db954757e070
ლიკა გურაბანიძე
30.10.19 13:10
1332
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი ამ წუთებში პარლამენტში დეპუტატების წინაშე გამოდის და საჯარო ფორმატში ანაკლიის პორტის პროექტის პოტენციალზე, არსებულ ვითარებასა და გამოსავლის გზებზე საუბრობს.

ლევან ახვლედიანის შეფასებით, ანაკლიის პორტი საქართველოს მომავლის პროექტია, ამიტომ მისი წარმატებით განხორციელებისთვის ყველა მხარემ უნდა იზრუნოს.

კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის გზებზე საუბრისას აღწერა არსებული სიტუაცია და გამოყო ჩიხიდან გამოსასვლელად საჭირო სამი ფაქტორი, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენ როგორც ტენდერში მოგებული კომპანია, ვაპირებდით, სხვა გარე ინვესტორების შემოყვანას ამ პროექტში. არ უნდა იყოს გასაკვირი ის, რომ როდესაც 500 მლნ-იანი ინვესტორები თავის ინტერესებს ამ პროექტში მონაწილეობაზე გამოთქვამენ, ისინი გარკვეულ დამატებით პირობებს დააყენებენ და ესეც მოხდა, რაზეც ჩვენ მთავრობას მივმართეთ, რომ ეს პირობები დაკმაყოფილებულიყო. ეს არის ის გავლილი გზა. სამწუხაროდ, 2018 წლის ზაფხულის ბოლოს მთავრობის მხრიდან არსებულმა პარტნიორობამ, დამოკიდებულებამ სერიოზული ნგრევა დაიწყო. მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ეს პროცესები ანაკლიის განვითარების კონსორციუმს არ დაუწყია.

2019 წელს რაც გასაჯაროვდა, ამისთვის ამ ტრიბუნას არ გამოვიყენებ, თქვენ ძალიან კარგად იცით, რაც მოხდა... მთავარი რაც არის, რა თქმა უნდა, ყველანი ვზიანდებოდით, მაგრამ რაც მთავარია, პირველ რიგში, პროექტი ზიანდებოდა.

რა არის გამოსავალი?

ვფიქრობ, საზოგადოებას ეს ძალიან აინტერესებს და მინდა, საზოგადოებას ავუხსნა რა ცოტაა დარჩენილი, რომ ანაკლიის პორის პროექტი განხორციელდეს.

დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რომლის მოგვარების შედეგად წარმატებით შეიძლება დასრულდეს ეს პროექტი. გავცეთ პასუხი, რა არის ეს? რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ეს დასრულდეს. უნდა მოხდეს ამ საკითხების დეტალური შეფასება. ჩვენ ამას ვითხოვთ, რომ დეტალურად შეფასდეს, ლოგიკურია თუ არა ის დამატებითი მოთხოვნები, რომელსაც ბანკები სახელმწიფოს და პროექტს უყენებენ? სახელმწიფოს უღირს თუ არა ამის დაკმაყოფილება იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია და აუცილებლად გასაკეთებელია. არის ბევრი საკითხი, მაგრამ 3 ძირითად საკითხს გამოვყოფდი:

1. კომფორტი ინვესტორებს - იმიტომ, რომ ამ ვითარებაში ყველა ინვესტორი, ვისაც ველაპარაკეთ, ითხოვს, რომ მთავრობამ კონკრეტულად მათ გამოუცხადოს მხარდაჭერა. ჩვენ ამ რთულ ვითარებაში, ბოლო 2-3 თვის განმავლობაში 2 ინვესტორი მოვიყვანეთ. მათ ზუსტად ეს მოითხოვეს, სამწუხაროდ, ეს მხარდაჭერა გაცხადებული არ იყო. გუშინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ამ ორი ინვესტორიდან ერთ-ერთმა (გულისხმობს „მერიდიან კაპიტალს“) პროექტის მიმართ ინტერესი გაიტანა.

2. არასწორად არის დახასიათებული ტვირთბრუნვის გარანტიის დაზღვევის მოთხოვნა ბანკებისგან. ეს არ არის გარანტია, ეს არ არის დაზღვევა. აქ არის საუბარი ბანკების მიერ სესხის გადახდის ნაწილობრივ გარანტიაზე ანუ ეს არის დამატებითი ფონდი, რომელიც უნდა შეიქმნას. ეს არანაირად არ ემსახურება ანაკლიის ინვესტორების (კაპიტალში) კომერციული რისკის დაზღვევას. ეს მოთხოვნა მხოლოდ მიმართულია ბანკების სესხების ნაწილობრივ დასაფარად თუ ეს საჭიროება დადგება. ჩვენ მთავრობას ზაფხულში დაბალანსებული, სამართლიანი ალტერნატივით მივმართეთ, როგორ შეიძლებოდა ეს პრობლემა მოგვარებულიყო. შევთავაზეთ 150-მლნ დოლარიანი მექანიზმი, რომელშიც მონაწილეობას კონსორციუმის არსებული თუ ახალი ინვესტორები 50-50 მლნ-ით მიიღებდნენ; დამატებით ევროკავშირმა მზადყოფნა გამოთქვა, ასევე 50 მლნ დოლარის ოდენობით მონაწილეობაზე ამ მექანიზმში. ამ ვითარებაში ევროკავშირის წინაპირობა იყო, რომ მთავრობასაც 50 მლნ დოლარის ინვესტიციით მონაწილეობა მიეღო. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს თანხა ათვისებული საერთოდ არ იქნება იმ დადებითი პროგნოზებიდან გამომდინარე, რომელიც განახეთ, მაგრამ რომც იყოს ათვისებული ეს თანხები, პროექტს სესხად დაერიცხება და გარკვეული პერიოდის განმავლობაში გასტუმრებული იქნება და ინვესტორები ვერცერთ დივიდენდს ვერ დაირიგებდნენ, სანამ ეს თანხა იქნება ათვისებული.

შეკითხვა ისმის - რატომ? რატომ ითხოვენ ბანკები ამას? ეს არის ძალიან ნორმალური. ანაკლია არის დიდი სტარტაპი. არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული, საინტერესო პროექტი, მაგრამ არის სტარტაპი. თქვენ თუ ნებისმიერ ბანკში მიხვალთ და მოითხოვთ სტარტაპ-ბიზნეს სესხს, თუ ამ სესხის დაფარვის წყაროს არ დაანახებთ, ბანკი ამ სესხს არ მოგცემთ. აქაც იგივე პრინციპი ვრცელდება. ბანკებს უნდათ, რომ დაინახონ რადგან ეს არის სტარტაპი, ეს არის 0-დან აშენებული პორტი და დღეს შემოსავლები არ გააჩნია, ამიტომ ითხოვენ დამატებით გარანტიას, რომ მათი სესხები ნაწილობრივ მაინც იყოს უზრუნველყოფილი.

3. რაც შეეხება SSA Marine-ს მოთხოვნას, საჯაროდ სხვადასხვა ინტერპრეტაცია იყო გაცხადებული. მე მინდა ვთქვა, რომ SSA Marine ძალიან ლოგიკური მიზეზის გამო ითხოვს მთავრობისგან, რომ არ გაუწიოს კონკურენცია ანაკლიის პორტს სხვა პორტში ინვესტირებით ან სახელმწიფო რესურსის გამოყოფით. ანუ ლაპარაკია, რომ ხომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ანაკლიის პორტის პროექტი, ხომ უცხადებთ ანაკლიას მხარდაჭერას, მაშინ ნუ გამიწევთ კონკურენციას, თქვენ როგორც ჩვენი პარტნიორი ნუ გამიწევთ კონკურენციას და ნუ მიმართავთ რესურსს სხვა ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისთვის, სანამ ანაკლიის პორტი არ მიაღწევს 70%-იან უტილიზაციას. მე მინდა აღვნიშნო, რომ SSA Marine-ს ეს მთოხვნა დადგა მხოლოდ და მხოლოდ ამა წლის ამ ზაფხულს, მაშინ როცა ჩვენ მასთან ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი ორი წლის წინ და ეს ყველაფერი განპირობებული იყო იმით, რაც მოხდა მაისში - ფოთის პორტზე ნაბართვის მიცემა-გაუქმებასთან დაკავშირებით.

ეს არის ის სამი საკითხი, რომელიც ვთვლი, რომ ამ სამი საკითხის გადაწყვეტის შემთხვევაში, პროექტი წარმატებით განხორციელდება. ვთვლი, რომ ზემოთ აღნიშნული სამი საკითხი არის აბსოლუტურად ლოგიკურად გადაჭრადი და მოლაპარაკებადი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ნამდვილად იმსახურებს გადაჭრას, დაუყონებლივ. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჩვენ სამწუხაროდ, აქამდე ვერ მოვახერხეთ მთავრობის აზრიან მოლაპარაკებებში ჩართვა ამ სამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვიტოვებთ იმედს, რომ ისევ მთავრობასთან ერთად, რადგან სხვანაირად არ გამოვა, დავჯდებით და მოვილაპარაკებთ ამ სამი და სხვა დანარჩენი საკითხების გადასაჭრელად. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პროექტი შედგეს. არ უნდა დაუშვას არცერთმა მხარემ, რომ ეს პროექტი საერთაშორისო, იურიდიულ დავაში გადაიზარდოს. ეს ნიშნავს იმას, რომ პროექტი გაჩერდება გაურკვეველი ვადით და ქვეყნის საინვესტიციო გარემო უაღრესად დაზიანდება. ჩვენ - ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ ამ პროექტის წარმატებით დასრულებისთვის, რადგან ეს სტრატეგიული და ჩვენი ქვეყნის მომავლის პროექტია".