მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი განცხადებას ავრცელებს

63bc0f1654c35
BM.GE
09.01.23 16:57
1969
სამი წელი გავიდა, რაც საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ანაკლიის პროექტი და მას შემდეგ ამ პროექტის მომავლისთვის არაფერი გაუკეთებია, ცრუ დაპირებების გარდა, - ამის შესახებ ანაკლიის კონსორციუმის განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებას bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ზუსტად სამი წლის წინ ამ დღეს, საქართველოს მთავრობამ არაკეთილსინდისიერად შეწყვიტა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული საინვესტიციო ხელშეკრულება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან.“ ამ პორტს შეეძლო საქართველოს და მისი ეკონომიკის ტრანსფორმაცია, მთავრობას კი ამ სამი წლის მანძილზე, არაფერი გაუკეთებია ცრუ დაპირებების გარდა, თითქოს მხარს უჭერდეს ანაკლიის განვითარებას.

ამ სამმა წელმა ანაკლიის პორტთან მიმართებაში მოიტანა მხოლოდ სტაგნაცია და სიყალბე საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიას ეწეოდა პროექტის მთავარი ქართველი სპონსორების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის რეპუტაციისა და იურიდიული მდგომარეობის შესარყევად. ტენდერში ADC-ის გამარჯვების შემდეგ, ხუთი პრემიერმინისტრი გამოიცვალა, ყველა მათგანი მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა და ყველა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურებოდა.

ანაკლიის პროექტი რომ განხორციელებულიყო თავდაპირველი გრაფიკით, პორტის 1 ფაზა ახლა უკვე იმუშავებდა, 900 000-მდე 20 ფუტიანი ტვირთის კონტეინერის (TEU) და 1,5 მილიონი ტონა მშრალი ნაყარი ტვირთის გამტარუნარიანობით (რაც ბევრად აღემატება ფოთის პორტის დღევანდელ გამტარუნარიანობას). საქართველო მიიღებდა უზარმაზარ ეკონომიკურ სარგებელს და აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობა ეფექტიანად განხორციელდებოდა, რუსული გავლენის გვერდის ავლით.

ამ ყველაფერმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა გასულ წელს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, როდესაც უკრაინაში რუსეთის შეჭრამ აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობისთვის კიდევ უფრო აუცილებლად აქცია „შუა დერეფნის“ კონცეფცია.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ სამი წლის მანძილზე ADC კეთილსინდისიერად მოქმედებდა. კოვიდ-პანდემიის საწყის ეტაპზე, ჩვენ დროებით გადავდეთ საარბიტრაჟო დავა და ამ დროის განმავლობაში არაერთხელ ვცადეთ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკება, რომ მოგვეძებნა გზები პროექტის რელსებზე დასაბრუნებლად, რათა თავიდან აგვეცილებინა ხანგრძლივი არბიტრაჟი.

მთავრობას მუდმივად ვთავაზობდით დახმარებას პროექტისთვის ახალი ინვესტორებისა და დაფინანსების მოძიებაში.

მომავალ თვეში ანაკლიასთან დაკავშირებით კიდევ ერთი სამ-წლიანი პერიოდი შესრულდება - იმ თარიღიდან, როდესაც ანაკლიის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით ჯავახაძემ AccentNews-სს განუცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ახალი ტენდერის თარიღი „დაახლოებით ორ კვირაში გახდება ცნობილი“.

გავიდა ორი კვირა, ორი თვე, სამი წელი და ტენდერი ჯერაც არ გამოცხადებულა. ის, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული ტენდერიც კი არ გამოცხადებულა ჯერ, არათუ დაწყებულა პროექტი, იმის ნათელი დასტურია, რომ ამ ხელისუფლებას არ აქვს რეალური სურვილი, ანაკლია განვითარდეს.

მთავრობის დაპირებების საერთო მნიშვნელი ის არის, რომ არცერთი მათგანი არ შესრულდა. ჯერ არც პროექტია და ტენდერიც კი არ ჩატარებულა. არაფერი გაკეთებულა ქართველი ხალხის, უცხოელი ინვესტორების, ფინანსური ინსტიტუტების, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეების, საპორტოსატრანსპორტო სექტორის მოტყუების გარდა.

ყველაზე უფრო ირონიული კი ის არის, რომ საქართველოს მთავრობამ ADC-თან საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაუდო ვადების დაგვიანება, თავად კი სამი წლის განმავლობაში ვერ შეასრულა საკუთარი დაპირებები და დათქმული ვადები“, - ნათქვამია ანაკლიის კონსორციუმის განცხადებაში.


„ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება“ - მთავრობის გადაწყვეტილება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები