"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" საბჭოს წევრისა და ბიზნეს იურისტის, თედ ჯონასის შეფასებით, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ ADC-ს ხელშეკრულება შეუწყვიტა, ჩნდება კითხვები, საერთოდ თუ სურს ქვეყნის ხელისუფლებას, ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი განავითაროს. ამის შესახებ თედ ჯონასმა "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა.
"როდესაც მთავრობამ კონტრაქტი შეგვიწყვიტა 2020 წლის იანვარში, განაცხადა, რომ რამდენიმე კვირაში დაიწყებდა ანაკლიის პორტის აშენებას თვითონ ან ახალ ინვესტორთან ერთად, მაგრამ ხუთი წელი გავიდა და არაფერი მომხდარა. ერთ წელიწადზე მეტია, რაც ტენდერი გამოაცხადეს, თქვეს, რომ ჩინური სანქცირებული კომპანია შეარჩიეს და არც ეს კომპანია არ ჩამოსულა საბოლოოდ, ან არ დაუწყია პორტის აშენება და ეკონომიკის სამინისტროდან, რომელმაც ეს ტენდერი განახორციელა, დავითაშვილიც დაითხოვეს. ამიტომ არ არის ანაკლიის პორტთან მიმართებით მიმდინარე სამუშაოები. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მთავრობა ფოთშიც აპირებს პორტის მშენებლობას.
ჩნდება კითხვა, საქართველოს მთავრობას საერთოდ სურს თუ არა, ღრმაწყლოვანი პორტი ჰქონდეს? შეიძლება, გამიზნულად ხელს უშლიდეს ასეთი პორტის აშენებას ანაკლიაში და ფოთში, სადაც APM ტერმინალი მზად იყო ასაშენებლად, მაგრამ მთავრობა ამ პროცესის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს. [მთავრობას] სურათიდან გაჰყავს ვაჭრობის ყველა შესაძლებლობა, ცენტრალური აზიის და ევროპის მიმართულებით, ამავდროულად სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობენ ცალკე. შესაბამისად, რასაც ეს ყველაფერი ავითარებს, არის ის, რომ შუა დერეფანი გვერდს აუვლის საქართველოს", - განაცხადა თედ ჯონასმა.
ჯონასი "ანალიტიკას" ეთერში იხსენებს ვითარებას, რომლის დროსაც საქართველოს ხელისუფლებამ ფოკუსი ანაკლიის პორტიდან ფოთის პორტზე გადაიტანა და არ შეასრულა დაპირება, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ინვესტორებთან ურთიერთობაში დახმარებოდა.
"მთავრობას შეეძლო, დაპირება შეესრულებინა, რომელიც გააკეთა, სანამ კვირიკაშვილი პოზიციიდან დაითხოვეს. მთავრობას შეეძლო, გარანტია ყოფილიყო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის და ინვესტიციებისთვის. 2018 წელს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა განიხილავდა და ამ მიმართულებით იმუშავებდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა კვირიკაშვილი დაითხოვა, მთავრობამ არ შეასრულა ეს დანაპირები. ამავდროულად, მთავრობამ სხვა სიგნალი გაავრცელა. საკმაოდ ირონიულია, რადგან 2018 წელს გზავნილი იყო, რომ ანაკლიის პორტი არ არის ფოკუსი, არამედ ფოთის პორტი იყო უკეთესი არჩევანი, შეხვედრები გვქონდა, ჩემს კოლეგებსაც ჰქონდათ შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, სადაც ფოთის პორტზე ადვოკატირება ხდებოდა, ნაცვლად ანაკლიისა. ხუთი წელი გავიდა უკვე და ამ შემთხვევაში ფოთშიც ხელს უშლიან და არაფერს არ აკეთებენ. და რატომ არ აკეთებენ არაფერს, რომ ფოთის პორტი განვითარდეს და შეიქმნას? იმიტომ რომ რუსეთს არ უნდა?! იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უნდა, რომ ვინმე განავითაროს ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც არის ღრმაწყლოვანი პორტი?!" - განაცხადა თედ ჯონასმა.




























