მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება“ - მთავრობის გადაწყვეტილება

6396ff5ae1e82
ვიქტორია მღებრიშვილი
12.12.22 14:14
2819
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენი წილი კი ტენდერის გზით საერთაშორისო პარტნიორებს გადაეცემათ.

„რამდენიმე თვის წინ ეკონომიკის სამინისტროს დავავალე, მიდის აქტიური მუშაობა, ვამზადებთ ახალ ტენდერს, მაგრამ მთავარი მინდა გაცნობოთ, ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება, სადაც 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადებთ კონკურსს და საერთაშორისო პარტნიორებს შევარჩევთ, ეს უმნიშვნელოვანესი სიახლეა, რომელიც მინდა საზოგადოებას ვაცნოთ.

ეს პროექტი მიტოვებულია და ადგილი გაპარტახებულია, ვიცით ანაკლიაში რაც ხდება ახლა - მტვრის ბუდედ გადააქციეს ადგილი, სასწრაფოდ უნდა შევარჩიოთ ახლა საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები და ჩვენც უნდა დავიწყოთ ინვესტირება ამ პროექტში“, - თქვა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი ინვესტორის ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ვერ განხორციელდა.

„ჯერ კიდევ 2016 წელს ანაკლიის პორტის აშენების გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ეს ყველას კარგად მოგეხსენებათ. მანამდე, ჯერ კიდევ ჩემი პირველი პრემიერობის დროს, ჩვენ ღიად ვსაუბრობდით ყველგან ამ საკითხზე, მათ შორის გაეროს ტრიბუნიდანაც განვაცხადეთ, რომ ამ პორტის აშენება ჩვენი გაცხადებული ინტერესი და პრიორიტეტია.

2016 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, შერჩეულ იქნა ინვესტორი, კარგად მოგეხსენებათ ყველას, თუ ვინ არის ეს ე.წ. ინვესტორი, რომელმაც თავისი ვალდებულება ვერ შეასრულა, ანუ ეს პორტი არ ააშენა. ამ ვალდებულების მიხედვით, ჩვენ პირველი გემები 2020 წელს უნდა მიგვეღო, თუ არ ვცდები. რამდენჯერმე გადაუწია მთავრობამ ვალდებულება, 3-ჯერ, 4-ჯერ თუ არ ვცდები და ამის მიუხედავად ინვესტორმა მაინც ვერ შეძლო ინვესტიციების მოზიდვა. თავად ბატონ ხაზარაძეს და მის პარტნიორ - ჯაფარიძეს, ჩემი ინფორმაციით, 3 მლნ დოლარი აქვთ დახარჯული, დანარჩენი მოზიდული აქვთ ინვესტორებისგან, 20 თუ 25 მლნ დაახლოებით და ეს არის. სანაცვლოდ, მთავრობისგან ითხოვდა ტვირთების გარანტიას, მიწა ჩვენი იყო და მიწა უნდა გადაგვეცა და გადავეცით კიდევაც. გზების, რკინიგზის მიყვანაზე, ასეულობით მლნ უნდა დაეხარჯა მთავრობას და სანაცვლოდ არაფერი უნდა მიეღო, ანუ რეალურად ეს იყო საჩუქარი ბატონი ხაზარაძისთვის. 4-5 წლის მერე, მას შემდეგ რაც ეს პროექტი ჩააგდო და ვერ განახორციელა, მას შემდეგ ამ ადამიანებმა ჩვენი ქვეყნის გაძარცვა გადაწყვიტეს და რატომ? უჩივლეს ქვეყანას, არბიტრაჟში წაიღეს საქმე და დღეს 1.5 მლრდ ლარს ედავებიან. წარმოგიდგენიათ რა ხდება? ადამიანმა 5 წელში ვერ შეასრულა ვერც ერთი ვალდებულება, ჩააგდო პროექტი, პორტი არ ააშენა და დღეს ჩვენს ქვეყანას და ხალხს ედავება 1.5 მილიარდს. ეს არის ძარცვის კლასიკური სქემა და ჩვენ კარგად ვიცით რა თქმა უნდა, რომ არავითარი რეალური, გულწრფელი, კეთილსინდისიერი მიზანი და ზრახვა ამ პორტის აშენების მიღმა არ იდგა, ეს იყო ჩვეულებრივი გამდიდრების და ძარცვის იდეა“, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულება გაწყვიტა, რასაც როგორც კონსორციუმის, ასევე, მისი ერთ-ერთი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვა მოჰყვა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი დავობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა დესტრუქციულმა ნაბიჯებმა ამ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება შეაჩერა, რამაც ინვესტორებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მოუტანა.

ხელშეკრულების გაწყვეტის დროს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” პროექტში უკვე ინვესტირებული ჰქონდა 74 მილიონი დოლარი, მათ შორის $35 მილიონი უკვე იყო ჩადებული ზღვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოებში, დანარჩენი თანხები კი საზღვაო, ეკოლოგიურ და საინჟინრო კვლევებსა და პროექტებში.

აღსანიშნია, ისიც რომ ქვეყნისთვის ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის მარტშიც ისაუბრა. მაშინ მთავრობის მეთაური აცხადებდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტზე ინვესტორის გამოსავლენად ტენდერი უახლოეს მომავალში ჩატარდებოდა, ხოლო ეკონომიკის სამინისტროს ახალი ინვესტორის შერჩევაში საერთაშორისო კონსულტანტი დაეხმარებოდა.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები