საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საქართველოში იმყოფება. დღეს საქართველოს მთავრობის მეთაურთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ბორელმა ხელისუფლებას და ქართველ ხალხს სამი მთავარი გზავნილით მიმართა.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უპირველეს ყოვლისა ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ საქართველო ევროპაა და ქვეყნის ხელისუფლებამ ევროპეიზაციის გზაზე ყველა ძალისხმევა უნდა გამოიყენოს, რათა დასახულ მიზანს მიაღწიოს. ბორელიმ ირაკლი ღარიბაშვილს ისიც შეახსენა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანას 12 რეკომენდაციიდან 3 პუნქტი აქვს შესასრულებელი, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ მმართველ ძალას, პოლიტიკურ მხარეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას ამისთვის დრო ჯერ კიდევ აქვთ.
„ჩემი საქართველოში ვიზიტის პროცესში სამი ძირითადი გზავნილი მაქვს თქვენთან და ქართველ ხალხთან.
პირველი გზავნილი ის არის, რომ უეჭველია, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს მიეკუთვნება. მინდოდა საქართველოში ჩამოვსულიყავი და ეს გზავნილი ქართველი ხალხისთვის პირადად ჩამომეტანა. როდესაც ქვეყანაში ჩამოვედი, დავინახე ქართველი ხალხის ძლიერი სულისკვეთება - ევროკავშირში გაწევრიანებას 80% უჭერს მხარს, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ რიცხვი, ძალიან მიხარია ბევრი ევროპული დროშა რომ ფრიალებს საქართველოსა და თბილისის ქუჩებში... კიდევ უფრო მეტი ვიდრე ბრიუსელში.
ბატონო პრემიერო, თქვენ ბრძანეთ და გავიგეთ, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს... ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვუსმენთ ხელისუფლებას, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას - ყველას... ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს და კონსტრუქციულად მუშაობდეს ამ პროცესში. ამაზე პარლამენტის წევრებთან მქონდა საუბარი, უნდა იყოს ინკლუზიური უმრავლესობა და თანამშრომლობის სულისკვეთება უნდა ჰქონდეს უმცირესობას.
რაც შეეხება მთავრობას და მმართველ პარტიას, ისეთი გარემო უნდა შეიქმნას ქვეყანაში, სადაც ასეთი თანამშრომლობა შესაძლებელი გახდება. ამ ეტაპზე ყველა ძალისხმევა იმაზე უნდა იყოს აქცენტირებული, რომ პოლიტიკური დაძაბულობა შემცირდეს. ეს პოლიტიკური და ისტორიული შანსი არ უნდა დაიკარგოს. ამისთვის ერთად უნდა იმუშაოთ, რადგან ევროპეიზაციის გზაზე შემდეგი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება დამსახურებასა და მიღწეულ შედეგზე, რომელიც გაერთიანებული ძალისხმევის საფუძველზე მიიღწევა.
ამოცანები ძალიან კარგადაა გაწერილი 12 პრიორიტეტის სახით და ჩვენ უკვე განვაცხადეთ ჩვენს დასკვნაში, რომ ივნისის შემდეგ თქვენ 3 მათგანი შეასრულეთ, დანარჩენი 9 კი შესასრულებელია. თუმცა დრო მათ შესასრულებლად მაინც გაქვთ. უპირველეს ყოვლისა უნდა მოხდეს პოლიტიკური ლანდშაფტის დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური სფეროების, სასამართლოს სისტემის და საარჩევნო სისტემის რეფორმა, მედია პლურალიზმი და ადამიანის უფლებები... ამის მისაღწევად მოკლე გზა არ არსებობს, ყველაფერს სჭირდება გულდასმით მუშაობა, პოლიტიკური ნება და მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ფასეულობებისთვის. ჩემი გამოცდილებით გეუბნებით, რომ ეს მუშაობა ნამდვილად ღირს შედეგად, არამხოლოდ იმიტომ რომ ევროკავშირის წევრი გახდეთ, არამედ იმისთვის რომ თქვენს მოქალაქეებს ყოველდღიურობა რომ გაუუმჯობესოთ.
ევროკავშირის წევრობა ყველაზე დიდი ტრანსფორმაციული ძალა და უსაფრთხოების ვალდებულებაა, რომელიც ქვეყანამ შეიძლება აიღოს. მე ჩემი ქვეყნის მაგალითზე ვამბობ ამ ყველაფერს“, - განაცხადა ბორელიმ.
მეორე გზავნილი, რომელიც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გამოყო რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთის იზოლაციაა.
„მეორე გზავნილი უკავშირდება რუსეთის აგრესიას უკრაინაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას, სანამ საჭიროა, მკაფიოდ დავგმობთ მოძალადეს და საქართველოს ხელს შევუწყობთ ამ პროცესში უკრაინის მხარდაჭერაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველაზე მჭიდრო პარტნიორები კოორდინირებულად მუშაობდნენ საერთაშორისო დონეზე, რათა რუსეთის იზოლაცია მოხდეს. მივესალმებით მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც ქვეყანაში სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგაა მიმართული. მნიშვნელოვანია ეს ფაქტი მკაფიოდ ითქვას და იქნეს აღიარებული. ასევე ძალიან ვწუხვართ, რომ საქართველო-რუსეთს შორის ფრენების გამო. ეს ის გზავნილია, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკას უკავშირდება.
ქვეყანამ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიიღო გარკვეული ვალდებულება და უნდა ევროკავშირის წევრობა, ამ ეტაპზე ნამდვილად ბევრი მიმართულებაა გასაუმჯობესებელი. ჩვენ გვჭირდება რუსეთის ჰიბრიდული საქმიანობის აღკვეთა - საომარი პროპაგანდა და სხვა ინიციატივები... ზუსტად ამიტომ ევროკავშირში აქცენტი კეთდება საქართველოში დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე, მედეგობის გამყარებაზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე და თავისუფალ ინფორმაციაზე, ინფორმაციის მიწოდება აპრიორი მნიშვნელოვანია ამ პროცესში“, - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
მესამე გზავნილში კი ჯოზეფ ბორელიმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევობასა და ქვეყნის სუვერენიტეტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირი მხარდაჭერის იმედი ყოველთვის უნდა ჰქონდეს.
„ჩემი მესამე გზავნილი ეხება ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ. დღეს ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან ყველაზე ძლიერია, უკრაინაში შეჭრის კონტექსტში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან ერთად დგომას და ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. ამას ვამტკიცებთ კონკრეტული ქმედებებით, ინვესტიციებით, ჩვენ გვყავს სპეციალური წარმომადგენელი რეგიონში და მონიტორინგის მისია ევროკავშირიდან, რომელიც ქვეყანაში 15 წელია მუშაობს. ეს მისია ყოველდღიურად დიდ როლს თამაშობს სტაბილურობის უზრუნველყოფასა და დაძაბულობის შემცირებაში. სასაზღვრო ზონაში პირადად მექნება შესაძლებლობა ადგილზე ვნახო არსებული მდგომარეობა.
მიხარია, რომ იზრდება ჩვენი თანამშრომლობა უსაფრთხოების და თავდაცვის მიმართულებით. თქვენ მსოფლიოში ამ კუთხით მნიშვნელოვანი წვლილი გაქვთ შეტანილი. თქვენს მხარეს ვართ, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი ინიციატივის ფარგლებში თავდაცვის ძალები გაძლიერდეს, ამისთვის დაფინანსებაც არის გამოყოფილი. ეს გადამწყვეტია სწრაფი რეაგირებისა და სიცოცხლის გადარჩენისთვის. ამას აპრილში განვაცხადებთ.
საქართველოს ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს. ჩვენ გვინდა საქართველომ ევროპეიზაციის გზაზე წარმატებას მიაღწიოს. ჩვენ გვინდა, რომ გაიმარჯვოთ და ამისთვის საჭირო მხარდაჭერას მოგაწვდით“, - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელიმ.