მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

300-ლარიანი კომპენსაციისთვის დისტანციურად რეგისტრაცია მხოლოდ Internet Explorer-ით შეიძლება

5fd12e09ce5d6
შოთა ტყეშელაშვილი
10.12.20 00:00
9871
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეომითითება იმის შესახებ, თუ რა პროცედურების მეშვეობით უნდა გაიარონ რეგისტრაცია ვებგვერდ eservices.rs.ge-ზე. თავად რეგისტრაციისთვის კი საჭიროა, რომ მომხმარებელი Internet Explorer-ის ბრაუზერს იყენებდეს, ხოლო მის კომპიუტერს ვიდეოთვალი გააჩნდეს. ამ ორი წინაპირობის დაკმაყოფილების გარეშე მოქალაქე სისტემაში დისტანციურად რეგისტრაციას ვერ შეძლებს. 300-ლარიანი კომპენსაციის მიღებისთვის განაცხადის გაკეთების ვადა 24 დეკემბერს იწურება.

“გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პირველადი რეგისტრაციისას ვიდეოზარის საშუალებით აქტივაცია შესაძლებელია მხოლოდ Internet Explorer-ის საშუალებით,”- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე.

კომპენსაციების მიღების განაცხადებს ამ სისტემაში თავად ავსებენ ინდივიდუალური მეწარმეები; მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირები; ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკური პირები და მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები. რაც შეეხებათ დაქირავებით დასაქმებულებსა და არარეგისტრირებული ფიზიკური პირებისთვის განცხადების ფორმას, ავსებენ დამქირავებლები ან ობიექტის მფლობელები. შესაბამისად, კომპენსაციების ბენეფიციართა მნიშვნელოვანი ნაწილი განაცხადს თავად არ ავსებს.

შემოსავლების სამსახურის მიერ მომზადებული ვიდეოინსტრუქცია რეგისტრაციისთვის:

საქართველოს მთავრობის შეფასებით, დახმარების ბენეფიციარი დაახლოებით 100-110 ათასი მოქალაქე უნდა იყოს. ეს არიან ის პირები, რომელთა საქმიანობაც ახალი ლოქდაუნიდან გამომდინარე შეიზღუდა.

ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მიღების უფლება აქვთ:

• ინდივიდუალურ მეწარმეებს;
• მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებს;
• ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებს;
• მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს. 

“თუ ისინი 2020 წლის მეოთხე კვარტალში ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას და 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება,”- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განმარტებაში.

კომპენსაციის მიღების უფლება ასევე აქვთ დაქირავებულ პირებს, რომლებიც შემდეგ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ:

“დაქირავებულს, თუ ის 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა იმ დამქირავებლის სასარგებლოდ, რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და ამ პერიოდიდან ამავე დამქირავებლისაგან არ იღებს ხელფასს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო)“- ნათქვამია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, დახმარების მიღების უფლება აქვს სხვა ნებისმიერ პირს (არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულს), თუკი სრულდება შემდეგი პირობა:

“თუკი პირი ფაქტობრივად ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება,"- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინსტრუქციაში.

განაცხადების რეგისტრაცია 3 დეკემბერს დაიწყო.