მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$3.2 მლრდ საქართველოს დონორებისგან - bm.ge-მ პრემიერის "მესიჯები" შეკრიბა

5e95f44c1144d
თელარა გელანტია
14.04.20 21:40
3315
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, „საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან პირველადი მოლაპარაკებების შედეგად, წლის ბოლომდე, საქართველოს ეკონომიკაში, დამატებით, $1.5 მლრდ დოლარი შემოვა”.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა. გახარიასგან მადლობა ერგო ევროკავშირს, აზიის განვითარების ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, ევროპის საინვესტიციო ბანკს, გერმანიის განვითარების ფონდს და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს.

„ეს ყველა ის დონორი ორგანიზაციაა, რომელთან პირველადი მოლაპარაკებების შედეგად, დღეს, ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ წლის ბოლომდე, საქართველოს ეკონომიკაში, დამატებით, ამ დონორების მხრიდან, ეკონომიკის მხარდაჭერის სახით, ინექციის სახით იქნება შემოსული მილიარდ ხუთასი მილიონი დოლარი“, - თქვა პრემიერმა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რომელი საფინანსო ინსტიტუტიდან რა მოცულობის ფინანსურ დახმარებას მიიღებს საქართველო.

დღევანდელი პრესკონფერენციიდან მთავრობის მეთაურმა ისიც გვამცნო, რომ „საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის გაგრძელების პირობებზე შეთანხმებას, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ნიშნავს დამატებით 447 მილიონ დოლარს”.

“უკვე დავასრულეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკება. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის გაგრძელების პირობებზე შეთანხმებას, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ნიშნავს დამატებით 447 მილიონ დოლარს, 1 წლის განმავლობაში, რომელიც იქნება შემოსული ჩვენს ეკონომიკაში”, - თქვა გიორგი გახარიამ.

Bm.ge დაინტერესდა, 1.5 მლრდ დოლარში შედის თუ არა IMF-ისგან დამატებით მისაღები 447 მლნ დოლარი?

როგორც ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან დავაზუსტეთ, 1.5 მლრდ დოლარიან პაკეტში შედის სავალუტო ფონდის 447 მლნ დოლარიდან 200 მლნ დოლარი, რომელსაც საქართველო საბიუჯეტო დახმარების სახით მიიღებს. ბექა ლილუაშვილისგან გავარკვიეთ ისიც, რომ დანარჩენი, დაახლოებით, 227 მლნ დოლარი ეროვნული ბანკისკენ მიიმართება.

გარდა ამისა, დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ისიც, რომ შესაძლებელია, ასევე, საერთაშორისო დონორებისგან $1.5 მლრდ-ის ფინანსური მხარდაჭრა მიიღოს საქართველოს საფინანსო სექტორმაც. ანუ, შეგვიძლია ვივარუდოთ, რომ ამ დროისთვის, საქართველო, ჯამში, დაახლოებით, 3.2 მლრდ დოლარს ელის დონორებისგან. 

„ჩვენ, ასევე, მხარი დავუჭირეთ ჩვენს კერძო სექტორს, მათთან ერთად ვისაუბრეთ დონორებთან იმაზე, რომ მოახდინონ მილიარდნახევარი დოლარის აკუმულირება იმისთვის, რომ დაეხმარონ საქართველოს ფინანსურ სექტორს“, - თქვა გიორგი გახარიამ, თუმცა - რომელი საფინანსო ორგანიზაციებისგან ან - რამდენი ან - რა პირობით, პრემიერს არ დაუზუსტებია. მეტი ჩაკითხვის საშუალება არც Bm.ge-ის მიეცა.

პრემიერ-მინისტრის გარდა, საერთაშორისო დონორებისგან დღეს არც ეროვნულ ბანკს და არც ფინანსთა სამინისტროს დამატებითი კომენტარები არ გაუკეთებიათ; უწყებებს არც ოფიციალური რელიზი გაუვრცელებიათ. ჯერჯერობით, არაფერი უთქვამს არც საეთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობას საქართველოში.

ერთადერთი, რაც გაირკვა ისაა, რომ პრემიერის თქმით, უმუშევრად დარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში 150 ლარიან ლარიანი დახმარების გაცემაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვებ-გვერდზე გუშინ განთავსებული ინფორმაცია „ტექნიკური შეცდომა იყო“.

„ყველა ექსტრემალურ ვითარებაში მუშაობს, არამხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ თითქმის ყველა მთავრობა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობაც და მისიაც. მთლად სიმართლე თუ გინდათ, ეს იყო იმ დროს მომზადებული, სანამ ღრმა კრიზისში შევიდოდით, სულ პირველი მონახაზი 1.5-2 თვის წინ მომზადებული, სადაც ვფიქრობდით, რომ ერთჯერადი რაღაც შეიძლება მომხდარიყო. ეს ციფრი აქტუალური არ ყოფილა და თან ამას ემატებოდა სხვა რაღაცეებიც, იქ იყო სხვა დახმარება და ასე შემდეგ. დღეის მდგომარეობით, ეს “გაიპარა” და ტექნიკური შეცდომა იყო. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ, რეალურად, ქვეყანაში პირდაპირი მიზნობრივი სოციალური დახმარება ადამიანების მიმართ, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, რა თქმა უნდა, შეუძლებელია რომ იყოს საარსებო მინიმუმზე ნაკლები“, - თქვა პრემიერმა. “2-3 დღე მოითმინეთ” - დასძინა იქვე bm.ge-ის კითხვის პასუხად, თუ როდის ეტყვის მთავრობა უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს რა თანხით ეხმარება და რამდენი თვე.

ნამდვილად „ტექნიკურ შეცდომასთან“ გვქონდა თუ არა საქმე, ამაზე ზუსტი პასუხი ახლა არ გვაქვს, თან იმის ფონზე, რომ გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა, რომლის დროსაც, მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, IMF-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა დაადასტურა ფონდის მზაობა საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების შესახებ.

ერთი რამ კი, ფაქტია - დღის ბოლოსთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვებ-გვერდიდან 150-ლარიან უმუშევრობის დახმარებაზე ჩანაწერი წაიშალა. საქართველოს მოქალაქეებმა კი, კიდევ 2-3 დღე უნდა მოითმინონ და დაელოდონ, როგორ დაეხმარება მთავრობა სამსახურის გარშე დარჩენილ დაქირავებით დასაქმებულებს თუ თვიდასაქმებულებს, მითუმეტეს, როცა ქვეყანაში საგანგებო 10 მაისამდე გახანგრძლივდა. #წერტილი.