მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გამოდის, გეგმურ ეკონომიკაზე გადავდივართ, სადაც ფასების რეგულირებას ვახდენთ?“ - ლილუაშვილი

63e22bbc73207
ვიქტორია მღებრიშვილი
07.02.23 15:30
6369
საბაზრო ეკონომიკის კუთხითაც უკან მივდივართ, ისევ გეგმური ეკონომიკის ნოსტალგიები გვაწუხებს?! - ეს კითხვები საპარლამენტო უმცირესობის პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ დასვა, რომელიც პრემიერის მიერ მთავრობის სხდომაზე სურსათის ფასების რეგულირების შესახებ გაცემულ დავალებას შეეხებოდა.

მისი შეფასებით, მთავრობა საზოგადოების მაჯისცემას კი არ გრძნობს, არამედ ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით იმ მოცემულობაზე რეფლექსირებს, რაც გამოკითხვებისა და რეიტინგებშია ასახული. ბექა ლილუაშვილი თვლის, რომ ქვეყანა როგორც დემოკრატიის, ასევე ეკონომიკური პოლიტიკის განვითარებაში ადრეულ პერიოდში ბრუნდება და მთავრობის ეს გადაწყვეტილება ლიბერალური ბაზრის პრინციპებს არ შეესაბამება.

„არსებობს ასეთი საერთაშორისო ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს რამდენად მზად არის ეკონომიკა კომუნისტური-გეგმური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისთვის - ინსტიტუციური მზაობის ინდექსი. ერთ-ერთი საკვანძო საკითხი ფასების ლიბერალიზაციაა, ჩვენ პოსტკომუნისტურ სივრცეში ფასების ლიბერალიზაციის კუთხით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ჯერ კიდევ 1992-1994 წლებში ვიყავით. ეს ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, როდესაც ამბობ, რომ ეკონომიკა საბაზრო კონკურენტულ ჩარჩოში გადადის.

ახლა ინსტიტუციურად დემოკრატიის გზაზე უკან წამოვედით, ეს ჩემი შეფასება არ არის... საბაზრო ეკონომიკის კუთხითაც უკან მივდივართ?! ისევ გეგმური ეკონომიკის ნოსტალგიები გვაწუხებს?!

როდესაც ერთი მხრივ პრემიერ-მინისტრი და მეორე მხრივ მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი (მამუკა მდინარაძე) გამოდის და ამბობს, რომ მზად არიან ამ საკითხით საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებისთვის, რა გამოდის რომ გეგმურ ეკონომიკაზე გადავდივართ, სადაც ფასების რეგულირებას ვახდენთ? ეს არის, რაც ჩვენ გვინდა, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ნორმალურ განვითარებას მივაღწიოთ, თუ საერთოდ უარს ვამბობთ საბაზრო ეკონომიკაზე?

ქვეყანაში ბიზნესი იქნება ბედნიერი, თუ ხელისუფლება მსგავსი დიალოგებში საერთოდ არ შევა“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

პოლიტიკოსი ასევე მიიჩნევს, რომ კონკურენციის სააგენტომ პრემიერს ანალიზი და რჩევებით კი არ უნდა მიაწოდოს, არამედ თუ სურსათის ფასების რეგულირების საკითხი ნამდვილად კონკურენციის დარღვევის საგანს წარმოადგენს, მაშინ ეს საკითხი სწორედ მარეგულირებელმა დაარეგულიროს.

შეგახსენებთ, 6 თებერვლის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს, სურსათის ფასების რეგულირების მიზნით, სამუშაო ჯგუფის შექმნა და ორი კვირის განმავლობაში რეკომენდაციების წარმოდგენა დაავალა. მთავრობის მეთაურმა იმპორტიორები გააკრიტიკა და თქვა, რომ მომხმარებლის მიერ პროდუქტის 100%-იანი ფასნამატით შეძენა კატეგორიულად მიუღებელია და ბიზნესი მოსახლეობის ხარჯზე არ უნდა მდიდრდებოდეს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები