მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4 პუნქტიანი შეთანხმება, რომელსაც მთავრობამ "ENKA"-სთან მიაღწია

604b522b99e82
ინგა მურუსიძე
12.03.21 16:10
1703
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დღეს ქუთაისში ჩავიდნენ და "ნამახვანჰესის" პროექტთან დაკავშირებით დაინტერესებულ მხარეებს, საპროტესტო აქციის მონაწილეებს და ექსპერტებს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დაწყებისას ნათია თურნავამ თქვა, შეხვედრები კვლავ გაგრძელდება და მინისტრები მზად არიან, ნებისმიერ დროს ყველა კითხვას გასცენ პასუხი.

გარდა ამისა, თურნავამ შეხვედრის მონაწილეებს "ნამახვანჰესის" ინვესტორ კომპანია „ENKA”-სთან შეთანხმების 4 პუნქტიანი გეგმა გააცნო:

1. ინვესტორი ამ ეტაპზე ჰესის კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას არ დაიწყებს:

ნათია თურნავა: „მიუხედავად იმისა, რომ ნამახვანის პროექტი არის ერთ-ერთი კარგად შესწავლილი პროექტი, ჯერ კიდევ წინა საუკუნიდან მოყოლებული უამრავი კვლევა ჩატარდა იმისთვის, რომ ყველა საჭოჭმანო საკითხი მოიხსნას საბოლოოდ. რაც შეეხება პროექტის უსაფრთხოებას და საიმედოობას, შევთანხმდით კომპანიასთან, რომ არ დაიწყებენ ჰესის ძირითადი ნაგებობების, კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას, სანამ ჩვენ არ გავაკეთებთ რამდენიმე ძირითადი კვლევის შემოწმება-ვალიდაციას. ამ კვლევებისთვის სახელმწიფო დაიქირავებს დამოუკიდებელ ექსპერტებს, მათ შორის თქვენი ნდობით აღჭურვილ პირებს, ქართველ სპეციალისტებს, ქართულ ინსტიტუტებს და იმედი გვაქვს, ეს საბოლოო წერტილს დაუსვამს იმას თუ რამდენად სანდოა ეს პროექტი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

2. შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი, რომელშიც 5 მილიონი ლარის აკუმულირება მოხდება

ნათია თურნავა: „შეთანხმება მიღწეულია და შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი, რომელშიც თავის კონტრიბუციას შეიტანს როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო. მთლიანობაში ვფიქრობთ, 5 მილიონიანი ფონდი იქნება, რომელიც მშენებლობის განმავლობაში იმოქმედებს, მხარს დაუჭერს და დააფინანსებს ხეობის მაცხოვრებლებისთვის საჭირო ყველა პროექტს“, - განმარტა თურნავამ.

3. „ნამახვანჰესის“ ინვესტორ კომპანია „ENKA“-ში ქართველი დირექტორი დაინიშნება

ნათია თურნავა: „ჩვენი მოთხოვნით დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც გაუძღვება ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს. ეს არის სახელმწიფოს მეტი ჩართულობა და ამ ჩართულობის მეშვეობით მეტ გარანტიას ვუზრუნველყოფთ, რომ იქ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების უფლებები მეტად იყოს დაცული. ასევე მოსახლეობასთან შედგეს სწორი კომუნიკაცია და პროექტის უსაფრთხოება იყოს დაცული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

4. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროცესს ზედამხედველობას დამოუკიდებელი საბჭო გაუწევს

ნათია თურნავა: „შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც შედგება მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი ექსპერტებისგან, მათ შორის ნებისმიერი თქვენთაგანი შეძლებს მასში მონაწილეობას, რათა საბოლოოდ გამოირიცხოს პროექტის უსაფრთხოებაზე რაიმე ჭოჭმანი და ეჭვები“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები