ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ნამახვანჰესის პროექტით ევროპული კომპანიები ინტერესდებიან.
BM.GE-ის კითხვაზე, პროექტის განხორციელებას შეუშლის თუ არა ხელს საარბიტრაჟო დავა, მინისტრი ასე პასუხობს: „სამწუხაროდ, გვაქვს რიგ შემთხვევებში საარბიტრაჟო დავები, თუმცა გადაწყვეტილებები მიღებულია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რომ ჩვენ პროექტები განვახორციელოთ მაქსიმალურად ეფექტიანად და ეს პროექტები ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდეს, ამ შემთხვევაში ენერგეტიკულ პროექტებზეა საუბარი.
მაგრამ საარბიტრაჟო დავის მიუხედავად, პარალელურად წარიმართება პროცესი, რომ ეს პროექტი განვახორციელოთ მაღალი სტანდარტებით, მაღალი რეპუტაციის და გამოცდილების ინვესტორთან ერთად. დაინტერესება არის ძირითადად ევროპული კომპანიების მხრიდან, თუმცა ნაადრევია ამაზე საუბარი, რადგან ფორმალური პროცესი არ დაწყებულა და ჯერჯერობით საზოგადოებას ინფორმაციას ვერ მომაწვდის“.
შეგახსენებთ, რომ ნამახვანის ჰიდროელექტრო სადგურს შპს „ენკა რინიუბელზს“ აშენებდა, თუმცა მოსახლეობის პროტესტისა და მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ 2021 წელს მისი მშენებლობა შეწყდა, მალევე კი საქართველოს მთავრობამ დააანონსა, რომ ჰესს თავად ააშენებდნენ. საკითხზე დავა საარბიტრაჟო სასამართლოში გაგრძელდება.