მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

45 ტონა ქართული თაფლი საფრანგეთში ექსპორტზე გავიდა

615e9463b15b6
ინგა მურუსიძე
07.10.21 11:30
4058
სახელმწიფოს მხარდაჭერით სამტრედიის მუნიციპალიტეტში შექმნილი საწარმო თაფლის ექსპორტს საფრანგეთში ახორციელებს. როგორც bm.ge-ს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, კომპანიის „აპიჯეო“ წარმოებული 45 ტონა თაფლის ექსპორტი საფრანგეთის რესპუბლიკაში უკვე განხორციელდა, 90 ტონა კი სარეალიზაციოდ მზადდება.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის „აპიჯეო“ თაფლის გადამმუშავებელი საწარმო სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა, საწარმოს შექმნისათვის სრული ინვესტიცია 500,000 ლარის ოდენობით განხორციელდა, საიდანაც, 300,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. საწარმოში 12 ადამიანია დასაქმებული.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში, სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ საწარმოში „აპიჯეო“ იმყოფებოდნენ, სადაც თაფლის სარეალიზაციოდ მომზადების პროცესს გაეცნენ.

„სამტრედიის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილი თაფლის გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს ადგილობრივ მეფუტკრე ფერმერებს აწარმოონ ხარისხიანი თაფლი, რომლის ექსპორტიც საფრანგეთში ხორციელდება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, თაფლის პირველადი წარმოების განვითარებისათვის გაცემულია 68 მლნ ლარზე მეტი აგროსესხი, სადაც სოფლის განვითარების სააგეტოს თანადაფინანსება 12 მლნ აჭარბებს“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა.