მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 დღეში დამტკიცებული რეგულაცია - კომპანიებს სემეკის თანხმობის გარეშე 5%-ის გასხვისება აეკრძალათ

5f11bfa4969e1
შოთა ტყეშელაშვილი
17.07.20 19:09
1167
საქართველოს პარლამენტმა დღეს დაჩქარებული წესით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ენერგეტიკის სექტორში მოღვაწე კომპანიებს “ოპერატორებს” ახალ ვალდებულებებს უწესებს. პრეზიდენტის მიერ ამ ცვლილებებზე ხელმოწერის შემდეგ, სემეკს, ენერგოკომპანიებში 5%-ზე მეტი წილის გასხვისების პროცესის წინასწარი შეფასების და გარიგების შეჩერების უფლება მიეცემა.

კანონპროექტი პარლამენტის ბიურომ ორშაბათს დაარეგისტრირა. გასული 5 სამუშაო დღის განმავლობაში კი მისი დაჩქარებული წესით განხილვა მოხდა. ინიციატივის პირვანდელ ვარიანტთან შედარებით, დღეს კენჭისყრაზე გასულ პროექტს შორის მხოლოდ მცირედი ცვლილებები შევიდა. სემეკის ხელმძღვანელმა, დავით ნარამიანიამ გუშინ განაცხადა, რომ სპეციალური გამონაკლისი დაიშვება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც უშუალოდ ან მფლობელი კომპანიის მეშვეობით საფონდო ბირჟაზე ივაჭრებიან. თუმცა, ეს საკითხი არა თავად კანონით, არამედ კანონქვემდებარე აქტით განისაზღვერა, რომელსაც სემეკი მიიღებს. ამასთანავე, როგორც ითქვა, კანონით განსაზღვრული მოთხოვნები არ გავრცელდება იმ კომპანიებზე, რომლებიც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრ ქვეყნებში არიან რეგისტრირებული.

კითხვაზე თუ რა სახის გარიგებას დაბლოკავს სემეკი ამ ახალი ბერკეტის მეშვეობით, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ეს მოხდება მაგალითად იმ შემთხვევაში, თუ ენერგოკომპანია, რომელიც ახალ წილებს ყიდულობს საქართველოში ან საქართველოში შემოდის, ოკუპანტ ქვეყანასთან იქნება დაკავშირებული, ან დადასტურდება, რომ გარიგებისთვის საჭირო სახსრები ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარეობს. საკუთრების უფლების დაცვასთან მიმართებით კი ნარმანია აცხადებს, რომ ცვლილება საკუთრების უფლების შელახვას არ იწვევს - ეს კი მაშინ, როდესაც სემეკს შეუძლია კომპანიის მესაკუთრეს შეუზღუდოს წილის რეალიზაციის შესაძლებლობა, თუ ის ამას საჭიროდ ჩათვლის.

"ამ საკითხს რაც შეეხება, ეს არანაირად არ ლახავს საკუთრების უფლებას. აქ საუბარია იმაზე, რომ თუ პირმა წარმოადგინა ინფორმაცია და მარეგულირებელმა კომისიამ დაინახა ის, რომ ამ ინფორმაციაში რაღაც არის ან ხარვეზიანი, ან არასწორად წარმოდგენილი, ასეთ შემთხვევაში მას შეუძლია დაუბრუნოს უკან ან მიუთითოს ხარვეზის შესახებ და უკან დააბრუნოს შევსებული დოკუმენტი, მაგრამ თუ შეგნებულად არის ინფორმაცია დამალული, თუ აქ ვნახავთ, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს წევრია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან წამოსული ფულია, ან სხვა ისეთი რამ არის, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, ასეთ შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას, რომ უარი ვუთხრათ ამ გარიგებაზე, რატომ ლახავს ეს საკუთრების უფლებას? წილს განა კარგავს მესაკუთრე, უბრალოდ, იმაზე ვერ გაასხვისებს და გაასხვისებს სხვაზე,"- განაცხადა დავით ნარმანიამ.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, სემეკს ექნება 3-თვიანი ვადა იმისთვის, რათა კომპანიას მისცეს დასტური წილის რეალიზაციასთან დაკავშირებით. სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ამბობს, რომ ამ ცვლილების საჭიროება წარსული გამოცდილებაა, ის საუბრობს წინა ხელისუფლების დროინდელ გარიგებებზე, რომლებმაც, მისი თქმით, ნეგატიური გავლენა იქონია სისტემაზე. სემეკის თავმჯდომარეს ამის მაგალითად ყაზტრანსგაზის შემოყვანა მოჰყავს.

"არსებობს გამოცდილება წინა ხელისუფლებიდან, წინა მთავრობის პირობებში განხორციელებული რამდენიმე გარიგება, რომელმაც ნეგატიური გავლენა იქონია ამ სისტემაზე. ამის მაგალითად, ვთქვათ, მაშინდელი "ყაზტრანსგაზის" თემაც საკმარისია. ასევე, არსებობდა მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვასთან დაკავშირებით მაშინდელი ხელისუფლების ინიციატივა, რომელიც შეჩერდა, თუმცა ყველა ასეთი ინიციატივა, რომელიც შესაძლოა იყოს არასასურველი და მომხმარებელთა ინტერესების დაცვაზე იქონიოს ნეგატიური გავლენა; ეს კანონპროექტი კი, იქნება იმისთვის, რათა არ გაუარესდეს მდგომარეობა,” - აცხადებს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია.