მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 სექტემბერს „ლელო“ პარტიის პროგრამულ ხედვას წარადგენს

5f4f8c4d6c45b
ინგა მურუსიძე
02.09.20 16:55
1382
5 სექტემბერს „ლელო“ პარტიის პროგრამულ ხედვას წარადგენს. პროგრამასთან დაკავშირებულ კითხვებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგლა მიქაუტაძე პასუხობს.

რა ღონისძიება იგეგმება 5 სექტემბერს, რის წარდგენას აპირებს "ლელო"?

5 სექტემბერ „ლელო“ წარადგენს პარტიის ძირითად დოკუმენტს, ჩვენ პროგრამულ ხედვას, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა. ჩვენ საზოგადოებას გავაცნობთ იმას, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ შემდეგ 4 წელიწადში. ჩვენი ამოცანა ქვეყნის ახალ რელსებზე გადაყვანაა. გვჭირდება ერთგვარი „მარშალის“ გეგმა, სწორედ ისეთივე განვითარების მოდელი, როგორითაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის და ევროპის რეკონსტრუქცია მოხდა. დროა, ქვეყნის სათავეში მოვიდეს ახალი გუნდი ძლიერი ლიდერით, რომელიც საქართველოს შესძენს რეგიონის წამყვანი სახელმწიფოს სტატუსს. ჩვენ გვაქვს
უნიკალური შანსი და უფლება არ გვაქვს მისი გაშვების.

რა არის მთავარი პრიორიტეტები ამ დოკუმენტში, ეს არის "ლელოს" ხედვა თუ სტრატეგიული დოკუმენტი კონკრეტული გეგმით?

ჩვენ ვართ გუნდი, რომლის მიზანია თანამედროვე ეროვნული სახელმწიფოს შექმნა, სადაც უზენაესი იქნება კანონი. ჩვენი მიზანია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა, ძლიერი საშუალო ფენის შექმნა, საქართველოს გადაქცევა პოლიტიკურ ლიდერად და ფინანსურ, სატრანზიტო და ლოგისტიკურ ცენტრად რეგიონში. ჩვენი მიზანია საქართველოს ყველა რეგიონის თანაბარი განვითარება, გლეხის შეძლებულ ფერმერად ქცევა, ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა, თანამედროვე ევროპული სტანდარტის განათლების, ჯანდაცვის და სამართალდამცავი სისტემის შექმნა, კულტურის და ხელოვნების განვითარება. თითოეული ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყებთ. 4 წლის შემდეგ საქართველო სულ სხვა სახელმწიფო იქნება.

რას ნიშნავს "ლელოს" მარშალის გეგმა? რას მოიცავს ის?

ეს მოიცავს ფაქტობრივად ყველა სფეროს, ეკონომიკიდან დაწყებული კულტურით დამთავრებული. მოგეხსენებათ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მარშალის გეგმის ფარგლებში, რამდენიმე წელიწადში მოხდა ნაომარი ევროპის აღდგენა. ჩვენც რეალურად ნანგრევებიდან გვიწევს ქვეყნის აშენება, ამიტომ საძირკველი დასაწყისშივე უნდა იყოს მყარი. ჩვენ შევქმნით ძლიერ საშუალო ფენას ქვეყანაში, რომელიც ამ ეტაპზე არ არსებობს. გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგად შეიქმნება 200 000 ახალი სამუშაო ადგილი და დასრულდება ყველა სტრატეგიული მეგა-პროექტი, რასაც მცირე და ეფექტიანი მთავრობა განახორციელებს.

ვისთან ერთად შედგა ეს გეგმა? როგორ შესრულდება ის? ვინ არის თქვენ გუნდში ამ იდეების აღმსრულებელი?

პარტიის დაფუძნებისთანავე, მუშაობა დაიწყეს თემატურმა სამუშაო ჯგუფებმა. ჩვენ გავაანალიზეთ ქვეყნის მთავარი პრობლემები და ექსპერტების ჩართულობით შევუმუშავეთ მათი მოგვარების გეგმა. მათ შორის, კონსულტაციებს გავდიოდით უცხოელ ექსპერტებთან და ვეცნობოდით სხვა ქვეყნების გამოცდილებასაც. გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, იღებს მისი ლიდერი და პარტიის მთელი გუნდი, რომელიც შედგება პატიოსანი, პროფესიონალი და პატრიოტი ადამიანებისგან. სწორედ ამიტომ, დღეს „ლელო“ არის რეალური ალტერნატივა და 31 ოქტომბრის არჩევნებზე დიდ მხარდაჭერასაც მიიღებს.
NS