მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 წლამდე ასაკის ბავშვების 35% ელექტრონულ მოწყობილობებს დღეში 1 საათზე მეტხანს იყენებს - კვლევა

5e1c6538dc8c5
თათია ჩაფიჩაძე
13.01.20 16:41
925
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა, ბავშვებში მედია საშუალებების გამოყენება ფართოდ არის გავრცელებული.

5 წლამდე ასაკის ბავშვების 35% ელექტრონულ მოწყობილობებს დღეში 1 საათზე მეტიხნის განმავლობაში იყენებს.

მნიშვნელოვანი უთანასწორობაა ქალაქად და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას შორის. ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების სიმწვავე ქალაქის ტიპის დასახლებებში მცხოვრები 5 წლამდე ასაკის ბავშვებში შედარებით მაღალია, ვიდრე სოფლის ტიპის დასახლებებში და შესაბამისად, 40% და 27% უტოლდება.

ელექტრონულ მოწყობილობებს დღეში 1 საათზე მეტი დროის განმავლობაში ყველაზე მეტად 4-5 წლის ბავშვები იყენებენ, მათი წილი 56%-ია. სხვა ასაკობრივ ჯგუფებში ასეთი შედეგია: 1 წლამდე ასაკის ბავშვებში - 3%, 1-2 წლის ბავშვებში - 23%, 2-3 წლის ბავშვებში - 40%; 3-4 წლის ბავშვებში- 47%.

ამავე კვლევის მიხედვით, 2-4 წლის ასაკის ბავშვების ადრეულ სტიმულირებასა და სათანადო მზრუნველობაში დედები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ (60%), ხოლო მამათა მონაწილეობა მხოლოდ 8%-ია.

საბავშვო ბაღებში სწავლა დაკავშირებულია დასახლების ტიპთან, ასაკთან და კეთილდღეობასთან. იმ ბავშვების პროცენტული წილი, რომლებიც საბავშვო ბაღში სწავლობენ, ქალაქის ტიპის დასახლებებში 16 პროცენტული პუნქტით მაღალია სოფლის ტიპის დასახლებებთან შედარებით.

კვლევის თანახმადვე, იმ ბავშვებიდან, რომელიც საბავშვო ბაღში სწავლობს, 94% საჯარო ბაღში დადის, ხოლო 6% - კერძო ბაღში, ბავშვების მხოლოდ 1% კი, სხვა ტიპის საბავშვო ბაღში დადის.