მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„600-მდე ტრაილერი წითელ ხიდზეა გაჩერებული... რა ლოგისტიკური ჰაბი?!“ - ივა ჭყონია

6283b37bc81aa
მარიამ ვარადაშვილი
17.05.22 20:00
5013
კომპანია GDB-ის დამფუძნებელი ივა ჭყონია, რომელსაც სალათის ფურცლები რუსეთში ექსპორტზე გააქვს, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე არსებულ რიგზე საუბრობს, რის გამოც პროდუქციის ექსპორტს ვერ ახერხებს. როგორც მან "საქმის კურსში" თქვა, რამდენიმე დღეა პროდუქციით დატვირთული სატვირთო მანქანები ნატახტარშია გაჩერებული. 

ივა ჭყონიას შეფასებით, ქვეყანა სატრანსპორტო დერეფანში გაზრდილ ტვირთბრუნვას სრულიად მოუმზადებელი შეხვდა, რის გამოც საექსპორტო პროდუქცია მათ შორის, მალფუჭებადი სურსათი, დღეების განმავლობაში საბაჟო გამშვებ პუნქტებზეა გაჩერებული.

“რუსეთ-უკრაინის ომის გამო შექმნილი  ვითარების გათვალისწინებით, ეს სიტუაცია რომ შეიქმნებოდა, ამის შესახებ ინფორმაცია უნდა ჰქონოდათ, მაგრამ სამწუხაროდ, რეალობა მივიღეთ ის, რასაც ვუყურებთ. ეს რა თქმა უნდა, ძალიან მძიმედ დაარტყამს არა მხოლოდ ფერმერებს, არამედ ქვეყნის ეკონომიკას.

ჩემს შემთხვევაში, 3 მანქანა და 30 ტონა საქონელია გაჩერებული და უახლოეს დღეებში, კიდევ 10 სატვირთო მანქანა უნდა წავიდეს. ეს მანქანები წინა კვირის პარასკევიდან ნატახტარში დგანან. ტვირთის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 150 ათასი დოლარია”, - აცხადებს ივა ჭყონია.

მისივე თქმით, წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ასეულობით ტრაილერია გაჩერებული.

"ჩემი ინფორმაციით, წითელ ხიდზე, ამ დროისთვის, 600 მანქანაა გაჩერებული, ლარსზე საუბარიც არ არის, იქ უარესი მდგომარეობაა. ზოგადად, მოზღვავებულია სატვირთო მანქანები, რადგან ერთ-ერთი სატრანზიტო გზა ვართ. ეს ვითარება რეალურად გვაჩვენებს თუ რამდენად მოუმზადებლები ვართ. რაზე ვსაუბრობთ, რა ლოგისტიკური ჰაბი?! ინფრასტრუქტურულად სრულად მოუწესრიგებლები ვართ. სარკინიგზო გადაზიდვები ჩვენ არ გვაქვს, ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენებულიყო, გზები… ძალიან მძიმე ვითარებაა. ეს ყველაფერი სამწუხაროდ, ცუნამივით მობრუნდება, რადგან პირდაპირი მნიშვნელობით დაარტყამს ყველა იმ ფერმერსა და მწარმოებელს, რომელთაც მალფუჭებადი პროდუქტი გააქვთ ექსპორტზე”, - ამბობს ივა ჭყონია.

მისივე თქმით, ქართული მხარე გამშვები პუნქტების გაუმართავ მუშაობას რუსეთის მიერ წარმოებულ სარემონტო სამუშაოებსაც უკავშირებს, რის გამოც დღეში 200-250 მანქანაზე მეტის გატარება ვერ ხდება. მოთხოვნა კი მისი ინფორმაციით, 2-3-ჯერ მეტია.

აღსანიშნია, რომ რამდენიმე დღის წინ გაჩერებული ტრაილერების კოლონის კადრები "Forbes კვირამაც" გადაიღო.



BM.ge შემოსავლების სამსახურს უკვე დაუკავშირდა და მათ პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები